იუკნევიჩიენე სახაროვის პრემიაზე: მიხარია, რომ შევძელი კოლეგების დარწმუნება და ორი კანდიდატურის გაერთიანება ერთ ნომინაციად
ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ სახაროვის პრემიის მინიჭება ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელისთვის სიმბოლური და ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა როგორც ბელარუსელი, ისე ქართველი ხალხისთვის, რომლებიც დღეს თავისუფლებისთვის იბრძვიან და ეწინააღმდეგებიან საერთო საფრთხეს - რუსეთს.
მიხარია, რომ შევძელი კოლეგების დარწმუნება და ორი კანდიდატურის გაერთიანება ერთ ნომინაციად. ამან ხელი შეუწყო ამ მნიშვნელოვანი ევროპის პარლამენტის ჯილდოს მოპოვებას. სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის არის ევროპის პარლამენტის მიერ დაწესებული ჯილდო, რომელიც გადაეცემა ადამიანებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და გამოირჩევიან განსაკუთრებული გამბედაობით. პრემია დაფუძნდა 1988 წელს და ატარებს ანდრეი სახაროვის, საბჭოთა ფიზიკოსის, დისიდენტისა და ადამიანის უფლებათა დამცველის სახელს, - წერს იუკნევიჩიენე.
ევროპარლამენტმა 2025 წლის სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის მიანიჭა ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს („ნეტგაზეთი“, „ბათუმელები“) და ბელარუს ჟურნალისტს ანდჟეი პოჩობუტს.
პრემია დაარსებულია 1988 წელს და გადაეცემა იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში გამორჩეულ წვლილს შეიტანენ.