შსს: "სველი ხელსახოცების“ პაკეტებში 80 მილიონის ღირებულების 250 კგ „ჰეროინი“ ამოვიღეთ - დაკავებულია 2 პირი

23.10.25 17:40
შსს: "სველი ხელსახოცების“ პაკეტებში 80 მილიონის ღირებულების 250 კგ „ჰეროინი“ ამოვიღეთ - დაკავებულია 2 პირი

პოლიციამ  250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

გელა გელაძის უწყება ცნობით,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და საქართველოდან უკანონოდ გატანის ფაქტზე დაკავებულია, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი საქართველოს  2 მოქალაქე. 

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო „სველი ხელსახოცებით“ საქართველოში, მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით შემოვიდა.

სამართალდამცველებმა, ბათუმში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, სველი ხელსახოცის პაკეტებში, ფარულად მოთავსებული 2 907 შეკვრად დაფასოებული 250 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან,ასევე, ამოღებულია 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი.

საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს.

ჩვენ სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად  აქტიურად ვაგრძელებთ კომპლექსურ ღონისძიებებს, ნარკოდანაშაულში ჩართული  პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია გავცრელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები