გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

24.10.25 14:36
გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა. როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იყო მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც ადასტურებს, რომ გელა უძილაურს ლევან ჯანგველაძის მიმართ არავითარი პირადი ინტერესი არ ჰქონდა.

"კონკრეტული პირებისგან მან მიიღო შეკვეთა და შესაბამისად, შეასრულა ეს შეკვეთა" - თქვა პროკურორმა. 

„რაც შეეხება სასჯელს, სასამართლომ განმარტა ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე ერთადერთი სასჯელი უზრუნველყოს, ეს არის უვადო თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, სასამართლომ სრულად გაიზიარა როგორც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე ბრალდების მხარის პოზიცია სასჯელთან დაკავშირებით და მათ შორის დაზარალებულთა უფლებამონაცვლე, რომელიც უმკაცრესად დასჯას ითხოვდა.

რაც შეეხება იმ ფაქტობრივ მდგომარეობას, რომ ჩვენ გელა უძილაურს ვედავებოდით კონკრეტული ბრალდების ფორმულირებას, რომ მან შეკვეთით და ანგარებით ჩაიდინა მკვლელობა, რასაკვირველია, ჩვენ ამ მონახაზს და მსჯელობას ვნახავთ უკვე განაჩენში“, -განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დაცვის მხარე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. ასევე საბოლოო სიტყვით ისარგებლა უძილაურმაც.

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

  • ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

მსგავსი სიახლეები