კიდევ ერთი მოწმის ჩვენება რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ - სასამართლო სხდომის დეტალები
რომეო მიქაუტაძის პროცესი - ეკონომიკის სამინისტროს ექს მაღალჩინოსნის საქმეზე დღეს სასამართლოში კიდევ ერთი მოწმე, კახა ქებურია გამოკითხეს.
ესკოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ წლების წინ მიქაუტაძეს დიდი ფული მისცა- საუბარია 400 ათას დოლარზე.
ქებურიას თქმით, წლების განმავლობაში, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა მიქაუტაძესთან და კომპანიებთან დაკავშირებით, ხშირად გაუწევია კონსულტაცია და მიუღია მისგან დახმარება. ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ქებურია ფლობდა, იყო “მომავლის ენერგია“, სწორედ მისი გაყიდვის შემდეგ, დახმარების სანაცვლოდ ღირებულების 10% პროცენტი მისცეს მიქაუტაძეს, მათ შორის, ნაწილი ქეშად, ნაწილი ჩარიცხვებით, ნაწილი კი მისი მეუღლის ანგარიშზე.
მიქაუტაძემაც იცოდა, რომ ვყიდიდით კომპანიას და დაგვაკავშირა შპს “ფერს“ - დავდეთ მათთან კონტრაქტი 4 მილიონ დოლარზე. კომპანიონები შეთანხმებულები ვიყავით, რომ ვინც კომპანიას გაგვაყიდინებდა 10 % გადავცემდით და გაყიდვის შემდეგ, მივეცით რომეოს 400 ათასი დოლარი. ნაწილი ჩარიცხვებით გვაქვს, ნაწილი ხელზე, ნაწილი მეუღლის სახელზე, - ზუსტად არ მახსოვს - ჰყვებოდა ქებურია.
მიქაუტაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის არ არის ცნობილი, იყო თუ არა აღნიშნული თანხა დეკლარირებული.
ჩემთვის არ არის ცნობილი, რამდენად იყო ეს თანხა დეკლარირებული. წლევანდელ დეკლარაციაში უწევდა თუ არა, თუმცა ეს იყო საჩუქარი. მოწმემ განმარტა, რომ აჩუქეს მას, აჩუქებდნენ ნებისმიერს, ვინც დაეხმარებოდა გაყიდვაში. სამინსიტროს თანამშრომელმა ცალსახად აღნიშნა, რომ ყველა გავლენა, რაზედაც ის საუბრობდა გამოძიებისას, ეს არის მისი თანამდებობრივი გავლენები და არ უგულისხმია არც გამოძიებაში და არც სასამართლოში, რამე კანონსაწინააღმდეგო და უარყოფითი ამ გავლენების, - ამბობს ადვოკატი.
მოწმეები, რომლებიც დღეს გამოიკითხნენ, მტკიცებით ვერ საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი მოსმენილი და გაგებული ჰქონდათ. შესაბსამისად, პროკურორს რამდენჯერმე მათი ჩვენებებიდან ამონარიდების წაკითხვა მოუწია.
გამოძიების მიხედვით, ქებურია ის პირია, რომლის დედის სახელზეც მიქაუტაძემ სახლი გააფორმა, ხოლო მისი ფიქტიურად გაყიდვის შემდეგად მიღებული თანხით ესპანეთში სახლი იყიდა. შესაბამისად, დღეს ის დეტალურად ჰყვებოდა, როგორ სთხოვა მიქაუტაძემ დახმარება.
- ამ დროისთვის არსებული ბრალდების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.