შსს: ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი, 164 ვაზნა, რევოლვერი, შაშხანა, ტროტილი და ა.შ. - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის, მესტიისა და ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი - 1992 წელს დაბადებული გ.მ., 1971 წელს დაბადებული გ.დ. და 1947 წელს დაბადებული ა.ძ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 მჭიდი, 164 ვაზნა, რევოლვერი, პისტოლეტი, ერთლულიანი შაშხანა, კაფსულ-დეტონატორები და ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.