"ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია" - ნინო კალანდია

28.10.25 12:07
"ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია" - ნინო კალანდია

სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. ამის შესახებ მისი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი ნინო კალანდია სოციალურ ქსელში წერს

მისი ინფორმაციით, დაკავებულ მასწავლებელს ორი ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება, მათ შორის,  პირველ რიგში გასაკეთებელია კისრის მალების ოპერაცია. 

ნინო კალანდია აღნიშნავს, რომ სინდისის პატიმარი მარჯვენა ხელს და ფეხს ფაქტობრივად ვეღარ ამოძრავებს და საჭმელსაც ვეღარ ჭამს. 

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. 

24 ოქტომბერს ვივამდეში ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. დასკვნაში წერია, რომ გამოვლენილია დიაგნოზი, რაც არ იყო დაფიქსირებული ორი თვის წინ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში. კერძოდ M50.2. კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკების ცდომები. C5 C6 დისკების თიაქრები. რომელიც საჭიროებს ქირიურგიულ ოპერაციას.

დღევანდელი მდგომარეობით, ნინოს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. პრიორიტეტულად, პირველ რიგში გასაკეთებელია კისრის მალების ოპერაცია. 

თქვენ წარმოგიდგენიათ ციხის პირობებში პოსტ ოპერაციული პერიოდი? ამ მძიმე ოპერაციის შემდეგ ციხის საკანში რეაბილიტაცია წარმოგიდგენიათ ვინმეს რა ჯოჯოხეთი იქნება? 

დილას დამირეკა ნინომ და მითხრა, რომ აქამდე თუ წელსქვემოთ მოწყვეტის ეშინოდა, ახლა კისერს ქვემოთ მოწყვეტის ეშინია. მარჯვენა ხელს და ფეხს ფაქტობრივად ვერ ამოძრავებს. საჭმლის ჭამაც კი უჭირს. 

და ამ ყველაფრის ფონზე, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის გამო ზის ციხეში, იმიტომ, რომ მედეა ცირამუას ჰგონია ასე. 

ანდერძი დავწერეო მითხრა. წარმოიდგინეთ ხალხო, რა დღეშია ადამიანი.

ხვალ, 12 საათზე ნინოს სასამართლო სხდომა გაიმართება და კი არ მჯერა რასაც ვამბობ, მაგრამ იქნებ შეერხეს რაღაც სიმები თამარ მჭედლიშვილს. მართლა რა სისასტიკეა ადამიანის ამ მდგომარეობამდე მიყვანა და ამაზე არ რეაგირება," - წერს ნინო კალანდია. 

დაკავებული პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესებას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ეხმიანება და წერს, რომ ხვალინდელ პროცესზე PHR სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ხვალინდელ პროცესზე PHR სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. ნინო დათაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.

დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინოს დაეწყო ხერხემლის და კიდურების ტკივილები, რის გამოც, 2025 წლის 8 და 17 სექტემბერს, ვეღარ შეძლო თავის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. N5 პენიტენციური დაწესებულება ნინო დათაშვილს აწვდის სამედიცნო სერვისს, თუმცა, ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. პირიქით, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გახდა კრიტიკულად მძიმე, რაც იმის დასტურია, რომ გაწეული სამედიცინო დახმარება არ არის ეფექტური.

2025 წლის 25 აგვისტოს, კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შემდეგ, სადაც მითითებული იყო ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ნინო დათაშვილს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და  ფიზიოთერაპია. ამავე სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, პაციენტი გადაყვანილი უნდა ყოფილიყო კლინიკაში ქირურგიული ოპერაციისთვის. ორი თვის განმავლობაში, ნინო დათაშვილს უტარდებოდა გეგმიური სამედიცნო მკურნალობა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომერეობა უფრო გაუარესდა.

2025 წლის 24 ოქტომბერს, ნინო დათაშვილი სამედიცინო შემოწმების მიზნით კვლავ გადაყვანილი იქნა კლინიკაში „ვივამედი“, სადაც ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, გამოვლენილია დიაგნოზი, რაც არ იყო დაფიქსირებული ორი თვის წინ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში. კერძოდ M50.2. კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკების ცდომები. C5 C6 დისკების თიაქრები. რომელიც საჭიროებს ქირიურგიული ოპერაციას.

დღევანდელი მდგომარეობით, ნინო დათაშვილს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, პრიორიტეტულად გასაკეთებელია კისრის მალების ოპერაცია. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ან გაათავისუფლოს ის პატიმრობიდან.  

იმის გათვალისწინებით, რომ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდა, ხვალინდელ პროცესზე PHR სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს," - წერია განცხადებაში.