შსს-ს მტკიცებულებების წარდგენა უჭირს - მოსამართლემ გიორგი ელიაშვილის საქმის განხილვა უკვე მეორედ გადადო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებების წარდგენა უჭირს - დღეს, მოსამართლემ უწყვეტი პროტესტის მონაწილის, გიორგი ელიაშვილის საქმის განხილვა უკვე მეორედ გადადო და შსს-ს წარმომადგენლებს მტკიცებულებების მიტანა დაავალა.
უფლებადამცველი, ბორის (ჩელე) ყურუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გზის სავალ ნაწილზე არ გადასულა და შესაბამისად სასამართლომ რამდენჯერაც არ უნდა დაავალოს შსს-ს მტკიცებულებების მოძიება, ისინი ვიდეომტკიცებულებას მაინც ვერ წარადგენენ.
პროცესი გადაიდო მეორედ გამომდინარე იქიდან, რომ შსს-მ ვერ წარმოადგინა ვიდეო, როგორ კეტავს გიორგი გზის სავალ ნაწილს და მეორედ დაავალა სასამართლომ აღნიშნული ვიდეომტკიცებულების წარმოდგენა.
კიდევ 10-ჯერ, რომ დაავალნო მაინც ვერ მოძებნიან ამ ვიდეომტკიცებულებას გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი არ იმყოფებოდა რუსთაველზე, გზის სავალ ნაწილზე და არ კეტავდა რუსთაველის გამზირს.
მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან იმ ადამიანის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა და სახდელის დაკისრება, ვინც არ კეტავდა რუსთაველის გამზირს და არ ჩადიოდა კონკრეტულ სამართალდაღღვევას," - განაცხადა ბორის (ჩელე) ყურუამ.
გიორგი ელიაშვილმა, დღეს, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს იდგა ტროტუარზე და სკანდირებდა "სირცხვილიას" რა დროსაც დააკავეს, თუმცა გზა არ გადაუკეტავს.
ჩვენ ქუჩა არ გადაგვიკეტავს, პარლამენტის მხარესაც არ ვიყავი გადასული, ვიდექი პარლამენტის საწინააღმდეგო მხარეს, უბრალოდ ვეღარ მოვასწარი იქითკენ გადასვლა და ვუყურებდი განვითარებულ პროცესებს, რაზეც მქონდა პროტესტი და ვსკანდირებდი "სირცხვილიას", სწორედ ამ დროს მოხდა ჩემი დაკავება. ჩემი დაკავება არ მომხდარა იმიტომ, რომ მე გზა გადავკეტე, ან გზაზე გადავირბინე, ან გზის სავალ ნაწილზე გადავედი რამენაირად.
მოსამართლემ კიდევ ერთხელ დაავალა შსს რომ მოიძიოს და მოიტანოს ცხადი მტკიცებულებები, სადაც ჩანს როგორ ვკეტავ მე გზის სავალ ნაწილს," - ამბობს ის.