წლების განმავლობაში ამ მოძალადე რეჟიმის სახე იყო - აქტივისტების თქმით, ლაშა ჯოხაძე თანამდებობას თავისით არ დატოვებდა

28.10.25 18:30
წლების განმავლობაში ამ მოძალადე რეჟიმის სახე იყო - აქტივისტების თქმით, ლაშა ჯოხაძე თანამდებობას თავისით არ დატოვებდა

ცვლილებები საპატრულო პოლიციაში - ლაშა ჯოხაძე თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი აღარ არის.  ოფიციალურად მან თანამდებობა პირადი მოტივით დატოვა.

თავად ჯოხაძემ “პირველებთან“ საუბარი არ ისურვა და არც წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

მოგვიანებით შეგეხმიანებით, - უთხრა მან ჟურნალიტს.

პოლიციის მაღალჩინოსნის საქმიანობის შესახებ საუბრობენ სამოქალაქო აქტივისტები - ისინი ამბობენ, რომ სწორედ ჯოხაძეა ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში უკანონო დავალებებს ასრულეებდა და მისი ბრძანებით არაერთი აქტივისტი დააკავეს.

მათი თქმით, თანამდებობიდან წასვლა ჯოხაძეს პასუხისმგებლობებს ვერ აარიდებს. 

ლაშა ჯოხაძე წლების განმავლობაში ემსახურებოდა რუსულ რეჟიმს, ასრულებდა უკანონო დავალებებს და მე პირადად, პირველადაც და ბოლოჯერაც, სუ ალბათ 16-ჯერ, მისი ბრძანებით ვარ დაკავებული. ლაშა ჯოხაძე თუ თანამდებობიდან წავა, პასუხისმგებლობა მანდ არ მთავრდება, რადგან მას აქვს ძალიან ბევრი უკანონო დავალება შესრულებული და ამ პასუხისმგებლობას, თანამდებობასთან ერთად ვერ აირიდებს. ის წლების განმავლობაში იყო ამ მოძალადე რეჟიმის სახე, კომფორტულად იყო ამ თანამდებობაზე და არ მგონია, თავისი ნებით წასულიყო, - ამბობს აქტივისტი.

ლაშა ჯოხაძე ცნობილი იყო რეჟიმის ბრძანებების შესრულებით. ძალიან ცუდად ეპყრობოდა იმ ადამიანებს, ვინც განსხვავებულ აზრს ატარებდა და პროტესტს გამოხატავდა. რეალურად დღეს „ქართულ ოცნებაში“ თავისი ნებით არაფერი ხდება, ამას წყვეტს ერთი ადამიანი და მასთან დაქვემდებარებული გუნდი, შესაბამისად, გაუშვეს ალბათ და ახლა მიმდინარეობს გადახალისება, სხვას დანიშნავენ მის ადგილას, - ამბობს კიდე ერთი აქტივისტი.

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია TV პირველს  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყებაში ამბობენ, რომ ჯოხაძე პოსტი "პირადი განცხადების საფუძველზე" დატოვა.

ლაშა ჯოხაძე თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას2020 წლის 27 აპრილიდან იკავებდა.

მსგავსი სიახლეები