სავარაუდო სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე - რა მოხდა აბაშაში
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში სამართალდამცველებმა 72 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურების მცდელობაში ედება ბრალი. დაკავება დღეს, მისივე საცხოვრებელ სახლში მოხდა, სადაც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და მაცხოვრებლები იკითხებოდნენ. ადგილობრივების თქმით, პოლიციამ შესაძლო დანაშაულის შესახებ 4 დღის წინ იცოდა, თუმცა ბრალდებული ამ დრომდე თავისუფლებაზე რჩებოდა.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი არასრულწლოვანს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აშინებდა, სექსუალურად ავიწროებდა და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. როგორც ცნობილია, გოგონა ამ ხნის განმავლობაში დუმდა, თუმცა ბოლოს იძულებული გახდა, ხმა ამოეღო, როცა ბრალდებულმა ის საკუთარ სახლში ჩაკეტა.
გოგომ მომხდარის შესახებ თანაკლასელს უამბო, რის შემდეგაც სოფელში ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა. ადგილობრივებმა მამაკაცის სოფლიდან გაძევებაც მოითხოვეს. მოგვიანებით კი ბრალდებული თავად მივიდა პოლიციაში, სადაც განაცხადა, რომ მის მიმართ ცრუ ბრალდებები ჟღერდება და საკუთარი უდანაშაულობა უნდა დაემტკიცებინა.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.