დაჯარიმება, დაკავება, მუქარა - შშმ პირები პოლიციას პოლიტიკურ დევნაში ამხელენ

28.10.25 21:20
დაჯარიმება, დაკავება, მუქარა - შშმ პირები პოლიციას პოლიტიკურ დევნაში ამხელენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტი დუტა ჯავახიშვილი უკვე მრავალი თვეა რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად მონაწილეობს პროტესტებში. ის ჰყვება, როგორ იქცა საპოლიციო რეჟიმის სამიზნედ - სამართალდამცველებმა მას ჯარიმა გამოუწერეს იმ დროს, როცა მოქალაქეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებდა. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ეს შემთხვევა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც იგი განიცდის.

მისი თქმით, ერთ დღეს, როცა მორიგ აქციაზე მიდიოდა, სამგზავრო ბარათი მოულოდნელად დაებლოკა. აქტივისტი აცხადებს, რომ ბარათი ახალი და უვადო ჰქონდა, დაზიანების გარეშე, ამიტომ დარწმუნებულია, რომ ბლოკირება მისი აქტიურობისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო განხორციელდა.

პოლიციის სამიზნე არაერთხელ გახდნენ სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. მათ შორის არის 52 წლის იოსებ ხეოშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე დააკავეს. თვითმხილველების თქმით, დაკავების დროს მას ფეხსაცმელი გასძვრა, თუმცა პოლიციელებმა არ მისცეს საშუალება, ხელახლა ჩაეცვა. მიუხედავად იმისა, რომ უხსნიდა სამართალდამცველებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, პოლიცია მას მაინც უხეშად ექცეოდა და დაუმორჩილებლად მიიჩნია.

ხეოშვილის სასამართლო პროცესი ერთ კვირაში გაიმართება. იგი გეგმავს წარადგინოს სამედიცინო ცნობა და მოსამართლე დაარწმუნოს, რომ მის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენება არ იქნება სამართლიანი.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები