არჩილ მუსელიანცი: ექიმთან გასვლა ნიშნავს ჯეკპოტის დაცემას, ბანაობა მხოლოდ 7 დღეში 2-ჯერ შეგვიძლია

28.10.25 23:18
არჩილ მუსელიანცი: ექიმთან გასვლა ნიშნავს ჯეკპოტის დაცემას, ბანაობა მხოლოდ 7 დღეში 2-ჯერ შეგვიძლია

სინდისი პატიმარი, არჩილ მუსელიანცი “ტვ პირველის“ წერისლ უგზავნის და  გლდანის საპატიმროში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს, სადაც ამბობს, რომ პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებიც კი არ აქვთ.

მუსელიანცის თქმით, მხოლოდ მაშინ არის საკვებიც საუკეთესო და ვიზუალური კეთილდღეობაც, როდესაც კომისია შედის საპატიმროში.

პირადი საჭიროებები- გლდანის სატუსაღო ვალდებულია კარანტინის დაშლის შემდგომ, სანამ პატიმარს ამოიყვანენ საკანში, მას გადასცენ საპონი, კბილის ჯაგრისი, პასტა, თეთრეული და ასე შემდეგ, არც ჩემთვის გადმოუციათ ეს თავის დროზე და შემდეგ მოყვანილი პატიმრებისთვისაც არ მიუციათ. ახლა, მე და ჩემი თანამესაკნეები ვითხოვთ საბანს, საპონს, სარეცხის ფხვნილს, ელემენტარულ ცოცხს, რომ საკანი დავალაგოთ და მ ყველაფერზე პასუხია - არ არის. ჯიბეში რომ ნაკლებად ჩაედოთ სალიას უწყების მომარაგების კომპანიებს მაშინ ჩვენამდე, პატიმრებამდე, ჩვეულებრივ ხალხამდე მოვიდოდა რაღაც-რაღაცები. სამაგიეროდ როცა სხვადასხვა კომისია შემოდის ციხეზე, მხოლოდ მაშინ არის საკვებიც საუკეთესო და ვიზუალური კეთილდღეობაც. კომისიას ან რევიზიას ვთხოვ, შემდეგ სტუმრობისას ც - კორპუსზე მობრძანდეთ, ან ბ - კორპუსზე და არა მხოლოდ ე - კორპუსზე და საგანგებოდ მოწესრიგებულ სასადილოში, - წერს ის.

რაც შეეხება ჯანდაცვას - სინდისის პატიმარი წერს, რომ “ექიმთან გასვლა ნიშნავს ჯეკპოტის დაცემას“, რადგან შუადღის 1 საათის შემდეგ ქეიმები უბრალოდ აღარ არიან.

ჯანდაცვა უბრალოდ არ არსებობს და ვიტყვი რატომაც, ექიმთან გასვლა ნიშნავს ჯეკპოტის დაცემას, შუადღის 1 ან 2 საათზე ექიმი აღარ არსებობს, ხან გორიდან და ხან ზესტაფონიდან მგზავრობენ, თუ მოითხოვ უარს არ გეუბნებიან, გეუბნებიან ჩაგწერ, 2 საათში დაუძახებ და ექიმი აღარაა. ელემენტარული წნევა რომ გააზომინო ექთანს, საღამომდე უნდა ელოდო, რადგან დღის საათებში უბრალოდ არ სცალიათ, რადგან არ არის სამედიცინო პერსონალის საკმარისი რაოდენობა, რომ პატიმარს ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ. საკანში შემოგვიყვანეს ხონიდან გადმოყვანილი პატიმარი, რომელიც იყო შეურაცხადი, ეს ადმიანი 5 დღის შემდეგ გაიყვანეს, მაგრამ დღემდე მოაქვთ მისთვის განკუთვნილი საძილე წამლები. ნებისმიერი ჩვენგანს შეგვიძლია ვისარგებლოთ მისი წამლებით და ამას ვერავინ გაიგებს. რომც გაიგონ რა მერე, თავად მოაქვთ, ანუ ხვდებითმ ხომ როგორი უნიათო თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული გლდანის სატუსაღო. გასეირნება კანონით დღეში ერთხელ, 1 საათი, მაგრამ ამათმა იპოვეს ამ კანონში ხარვეზი, მათ შეუძლიათ ღამის 12 საათის შემდეგ გაგიყვანონ გასეირნებაზე, რა თქმა უნდა, ამას არ აკეთებენ, დილის 7 საათზე იწყებენ გაყვანას, იმიტომ რომ ნაკლებმა ხალხმა ისარგებლოს გასეირნების უფლებით, - წერს მუსელიანცი.

მუსელიანცი პირად ჰიგიენაზეც წერს და ამბობს, რომ ბანაობა პატიმრებს მხოლოდ 7 დღეში 2-ჯერ შეუძლიათ.

პირადი ჰიგიენა - აბანო 7 დღეში 2-ჯერ, რაც არის ასევე არანორმალური. სხვა დანარჩენი აფთიაქში არის შესაძლებელი, რომ პატიმარმა შეიძინოს.


რაც შეეხება კომუნიკაციას, ამბობს, რომ პირადი სახის კორესპონდენცია მიდის გახსნილი.

კომუნიკაცია, არ ვიცი სხვა პატიმრების შემთხვევაში როგორ ხდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირადი სახის კორესპონდენცია მოდის გახსნილი და შინაარსის შემოწმებით, ძალიან არ უნდოდათ, მაგრამ მაინც მოუწიათ მონიტორინგის სამსახურს დაეწყო შიდა გამოძიება, - წერს მუსელიანცი.

ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.