ივანიშვილის მთავრობა სუს-ის თანამშრომლებს სახელმწიფო ქონების პრივატიზების უფლებას აძლევს
ივანიშვილის მთავრობის ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინებს, სახლებსა და მიწის ნაკვეთებს საცხოვრებლად იყენებენ, შეეძლებათ ამ ქონების საკუთრებაში მიღება.
შესაბამისი ცვლილება 2025 წლის 21 ოქტომბერს დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ დადგენილებაში „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის შესახებ“, რომელსაც ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
ახალი რედაქციის მიხედვით, სუს-ის უფროსის სამართლებრივი აქტით მოსამსახურეს შეიძლება საცხოვრებლად გადაეცეს სამსახურის ბალანსზე არსებული სახელმწიფო ბინა, სახლი და მიწის ნაკვეთი. თუ სუს-ის ხელმძღვანელობა შუამდგომლობას წარადგენს, აღნიშნული ქონება თანამშრომელს საკუთრებაში გადაეცემა.
მანამდე არსებული წესით, სუს-ის თანამშრომლებს ასეთი ობიექტების მხოლოდ სარგებლობის უფლება ჰქონდათ, საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა კი არ არსებობდა.