პროკურატურა ნინო დათაშვილის მიმართ პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს
პროკურატურა ნინო დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის, გირაოთი შეცვლას მოითხოვს - ამის შესახებ გიორგი გვარაკიძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პროკურატურა აღნიშნული შუამდგომლობით დღეს, რამდენიმე წუთში შევა პროცესზე. მიზეზად სახელმწიფო ბრალდება დაკავებული მასწავლებლის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს,რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
➡️ როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.
➡️ პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს", - ნათქვამია განცხადებაში.
"პირველებმა" საქართველოს პროკურატურაში აღნიშნული ინფორმაცია დააზუსტა - როგორც გვარაკიძის უწყებაში ამბობენ, დათაშვილის მიმართ საპატიმრო გირაო მოთხოვნილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკავებული მასწავლებელი საპატიმროს მოსამართლის გადაწყვეტილებისთანავე დატოვებს.
- ნინო დათაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დღეს ვერ დაესწრება - დაპატიმრებული მასწავლების მდგომარეოება საპატიმროში იმდენად დამძიმდა, რომ მისი ეტაპირება პროცესზე ეტლითაც კი შეუძლებელია. საგანგაშო ინფორმაციას ოჯახი და ადვოკატები ავრცელებენ.
ექიმების დასკვნით, ნინო დათაშვილს ხერხემლის უმძიმესი პრობლემა აქვს და ორი ქირურგიული ოპერაცია სჭირდება.
სამოქალაქო აქტივისტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა. ის მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.