თათა ფერაძის სასამართლო პროცესი გადაიდო - შსს-მ მტკიცებულებები ვერ წარადგინა
გზის გადაკეტვის საბაბით დაჭერილი თათა ფერაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სხდომა 4 ნომებრისთვის გადაიდო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესზე დანაშაულის ამსახველი მტკიცებულება ვერ წარადგინა, ანუ კადრები, სადაც გამოჩნდებოდა დაარღვია თუ არა ოპოზიციონერმა "ქართული ოცნების" დამტკიცებული კანონი.
აღსანიშნავია, რომ თათა ფერაძის შემთხვევაში სასამართლოში მიტანილ დოკუმენტს არც დამკავებელი პოლიციელის ვინაობა ეწერა და არც დაკავების დრო.
თათა ფერაძე ამბობს, რომ იმ დღეს, როცა გზის გადაკეტვას ედავებიან, გზა საერთოდ არ გადაუკეტავს. ამასთან, ოპოზიციონერს აქვს მოლოდინი, რომ მაინც დააკავებენ.
დღეს დილით სახლიდან რომ გამოვედი, დამხვდა, არ ვიცი, ალბათ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი. არანაირი სამკერდე ნიშანი არ ჰქონდა, არ ვიცოდი, ვინ იყო და მითხრა, რომ "ერთი წუთით, დაიცადეთ". მივხვდი, რომ ჩემს დაკავებას აპირებდნენ, მაგრამ ველოდებოდი, რომ ვინმე იქნებოდა პოლიციის წარმომდგენელი, სამწუხაროდ - არავინ. ასევე გამორჩათ ჩემი დაკავების დრო ამ ალიაქოთში, იმიტომ, რომ სამჯერ გადამსვეს სხვადასხვა მანქანაში სანამ მიმიყვანდნენ საპატრულო მანქანამდე. რომ განმიმარტეს სანამ მოვედით სასამართლოში, მითხრეს, რომ გზის გადაკეტვაზე ვარ დაკავებული. თარიღი რომ მითხრეს, მივხვდი, რომ ვერაფერს დაამტკიცებდნენ, იმიტომ, რომ მე არ გადავსულვარ მაგ დღეებში გზაზე. არა იმიტომ, რომ დაკავების მეშინია, უბრალოდ, ჩვენი პარტიის ყველა წევრი ციხეშია და მათთვის საჭმელი მქონდა შესაგზავნი. მოლოდინი მაქვს, რომ სავარაუდოდ, მაინც დამაკავებენ, - ამბობს ფერაძე.