რატომ არ ისჯებიან ძალადობაში მხილებული მანდატურები - აქტივისტები შერჩევით სამართალზე საუბრობენ
იმ დროს, როცა თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეებს სამართალდამცავები პირბადის არქონის ან გზის გადაკეტვის მიზეზით აკავებენ, მანდატურები, რომლებიც მოქალაქეებზე ფიზიკურ ძალადობაში არიან მხილებულნი, კვლავ თანამდებობებზე რჩებიან.
დაზარალებულებმა შესაბამისი საჩივრები რამდენჯერმე წარადგინეს როგორც სასამართლოში, ისე სამართალდამცავ უწყებებში, თუმცა, მათი თქმით, „ქართული ოცნების“ კონტროლირებადი გამოძიება არცერთ საქმეს არ იძიებს.
სამოქალაქო აქტივისტების შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ივანიშვილის ხელისუფლების შერჩევით მიდგომას და უსამართლობის კლიმატს, რომელიც ბოლო პერიოდში სამართალდამცავ სტრუქტურებში დამკვიდრდა.
დაახლოებით 20-მდე ადამიანია, ვინც გახდა ძალადობის მსხვერპლი. ეს ადამიანები არიან დაკითხული, მაგრამ როგორც ვიცი, ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მომხდარა. არ აქვს მნიშვნელობა დღევანდელი პროკურატურა რამეს იზამს თუ არა, მაგრამ დადგება დრო, როდესაც თავისუფალი და დამოუკიდებელი პროკურატურა გამოიძებს ყველა იმ ძალადობის ფაქტს, რომელიც მომხდარა მანდატურის სამსახურის მხრიდან, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი პატარაია.
აქტივისტები განსაკუთრებულ ყურადღებას საქალაქო სასამართლოს მანდატურების უფროსზე, დავით მატიაშვილზე ამახვილებენ. მათი თქმით, სწორედ ის არის მთავარი მოძალადე და თანამშრომლებისგანაც მეტ აგრესიულობას ითხოვს.
დავით მატიაშვილი არის, როგორც უკვე გითხარით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურების უფროსი ანუ ადამიანი, რომელიც უშუალოდ გასცემს ბრძანებებს. ოღონდ, ეს ადამიანი მარტო ჩვენზე არ ძალადობს, თვითონ ამ მანდატურებზეც ძალადობს და ამის შესახებ ინტერნეტშიც კი გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აგრესიულად ექცევა ის მის თანამშრომლებს და მოთხოვნა აქვს იმაზე, რომ უფრო აგრესიულები რატომ არ არიან მოქალაქეების მიმართ. ყველაზე პრიორიტეტული ჩვენთვის იყო ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება, სადაც ფიქსირდება ის არაერთი ძალადობა, რასაც დავით მატიაშვილის მეთაურობით ჯგუფურად სჩადის საქალაქო სასამართლოში მომუშავე თითოეული მანდატური.
ორივე სარჩელზე გამოკითხული ვარ, სხვა დანარჩენი ადამიანებიც გამოკითხულები არიან, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი მარიამ შუშანია.
პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო სამსახური ერთ თვეზე მეტია იძიებს მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის და სხვა მანდატურების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტს.