"ჩეკისტების მსგავსი, მხდალი, მზაკვრული და ამორალური ქმედება" - აქტივისტები აზა ჩილაჩავას დაკავებაზე
"ჩეკისტების მსგავსი, მხდალი, მზაკვრული და ამორალური ქმედება" , - ასე აფასებენ აქტივისტები 71 წლის გაგრიდან დევნილი აზა ჩილაჩავას დაკავებას. მათი თქმით, მსავის ქმედებებით "ოცნება" პროტესტში მყოფი ადამიანების გატეხვას ცდილობს, თუმცა ეს არ გამოუვა.
უმწეოა რეჟიმი. მე მახსენდება ქაქუცა ჩოლოყაშვილის პერიოდი, როდესაც ის იყო პარტიზანულ ბრძოლაში და ჩეკისტები როდესაც მიხვდნენ, რომ მას ვერ დაიჭერდნენ და ვერ დაამარცხებდნენ, საბოლოოდ, პასუხობდნენ იმით, რომ თითო დღეს, თითო სოფლიდან გამოჰყავდათ ერთი ადამიანი და სიკვდილით სჯიდნენ და ეს იყო მათი მხდალი, მზაკვრული და ამორალური პასუხი ჩეკისტების მხრიდან. ზუსტად იგივეს მიმართავს "ქართული ოცნება", აკავებს ხანშიშესულ ადამიანებს, რომ ჩვენ, რომლებსაც გვაქვს ღირსება, ღირსება შეგველახოს და საბოლოოდ გავტყდეთ. ეს ასე არ მოხდება, იმიტომ, რომ ეს არის აქტიური წინააღმდეგობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღეს რუსთველის გამზირზე, ეს არის აქტიური ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. სანამ ეს ე.წ. მეორე ეტაპი ამოქმედდება მათთვის, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ჩვენ დავამარცხებთ რეჟიმს. ანუ იმდენი ხალხი გავა და იმდენი დღის განმავლობაში, რომ ეს კანონი საბოლოო ჯამში განულდება, - ამბობს გიორგი თავართქილაძე.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი მარიამ შუშანია ამბობს, რომ მეთოდები, რომლითაც "ოცნება" აქტივისტებს ებრძვის, რუსულიდან დაკოპირებულია.
"ქართული ოცნებისგან" მოულოდნელი არაფერია. პირიქით, მათგან ბევრად უარესსქმედებებს ველდოებით ხოლმე. სასაცილოა, უბრალოდ, იმ ადამიანებისგან, ვინც ქართელობის დაცვაზე საუბრობს, 71 წლის გაგრიდან დევნილ ადამიანს აპატიმრებდნენ. ადამიანს, რომელიც აფხაზეთშიც ჩვენს ღირსებას იცავდა. წარმოუდგენელია ასეთ რეალობაში ცხოვრება და დღეს აზა შიმშილობს და დიღმის იზოლატორში იმყოფება. ამ ეტაპზე არ გვაქვს, სამწუხაროდ, სასამართლოსთან დაკავშირებით ინფორმაცია. რაც შეეხება ამ მეთოდებს და რეპრესიებს, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია რუსეთთან, სწორედ რუსეთის ანალოგი კანონები მიიღეს ახლაც და სწორედ იგივე პოლიტიკას ახორციელებენ, - ამბობს მარიამ შუშანია.
გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას მისი ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი იზოლატორში მოინახულა.
ცნობილია, რომ აზა ჩილაჩავა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის. მანამდე ის ერთხელ უკვე მოხვდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, თუმცა მაშინ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.