"ოცნებას" სინდისი არ შერჩა! - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
"ოცნებას" სინდისი არ შერჩა! - ასე აფასებს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი 71 წლის ზა ჩილაჩავას დაკავებას. სასულიერო პირი ოპოზიციას მოუწოდებს, უსამართლობა გააპროტესტონ და რუსთაველის გამზირზე ხალხის გვერდით დადგნენ. მისი თქმით, თუ ამას პოლიტიკოსები ვერ აკეთებენ, მაშინ ხალხს ქვეყნის გადარჩენის ალტერნატიული გეგმა უნდა შესთავაზონ.
ამ ადამიანებს, მთავრობას, პოლიციას, საერთოდ არ შერჩათ სინდისი. ეს ადამიანები არიან რობოტები, რომლებსაც შინაგანი განცდა არ აქვთ. ქალბატონი აზას დაპატიმრება პირბადის გამო თუ გზაზე გადასვლის გამო, სრულიად უსინდისო გახდა, მთელი მთავრობა გახდა უსინდისო. ამიტომ, მე მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ როცა ქალბატონი აზა, მოხუცი ქალი და კიდევ სხვები, ბავშვები, ესენი რომ ციხეში არიან, ციხეში იტანჯებიან, თქვენ მშვიდად რა გამყოფებთ? გამოდით, ეს გააპროტესტეთ და თუ უკეთესი გზა იციან პოლიტიკოსებმა, რომელიც გაათავისუფლებს საქართველოს, მაშინ გამოვიდნენ და უთხრან ამ ხალხს. თუ არადა, დადგნენ ამ ხალხთან. ზღვარს გადასული უკანონობაა. სამართალი არ გაგვაჩნია საერთოდ. კაცს რაღაც სინდისი, გონება, თანაგრძნობა ხომ უნდა ჰქონდეს და არ აქვს, - ამბობს სასულიერო პირი.
გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულმა 71 წლის აზა ჩილაჩავამ შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას მისი ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი იზოლატორში მოინახულა.
ცნობილია, რომ აზა ჩილაჩავა სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის. მანამდე ის ერთხელ უკვე მოხვდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, თუმცა მაშინ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ.