ვაგრძელებთ ზინოვკინას ჯანმრთელობის მონიტორინგს, კლინიკაში გადაყვანა ჩვენს მანდატში არ შედის - ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ანასტასია სინოვნიკა დაკავებიდან – 2024 წლის დეკემბრიდან – დღემდე 6-ჯერ მოინახულეს, ბოლოს, პატიმართან გასაუბრება პარასკევს, 31 ოქტომბერს შედგა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
„სახალხო დამცველის აპარატმა, მსჯავრდებულის მიერ წარმოდგენილი საჩივრების შესაბამისად, სხვადასხვა დროს მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, პენიტენციურ სამსახურს.
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი პატიმრის სამედიცინო მომსახურების საკითხს სწავლობს. ამ მიზნით, აპარატმა რამდენჯერმე გამოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაც შესწავლილი იქნა აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ.
31 ოქტომბერს, პატიმართან გასაუბრების შემდეგ, იმავე დღეს, აპარატმა დამატებით გამოითხოვა კონკრეტული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტის ასლი. მოცემული დროისთვის, სახალხო დამცველი აგრძელებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგს აპარატში დასაქმებული, მაღალკვალიფიციური ექიმის ჩართულობით“,- ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 3 ნოემბერს, 16:00 საათზე სახალხო დამცველის ოფისთან (მეტროსადგურ „ავლაბრის“ უკან) საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.