რამ გამოიწვია ინფლაცია - “არის დიდი რაოდენობით ფული დაბეჭდილი“

03.11.25 15:17
რამ გამოიწვია ინფლაცია - “არის დიდი რაოდენობით ფული დაბეჭდილი“

საქართველოში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზეა - ეკონომისტების შეფასებით, ცხოვრების გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკაა.

მათი თქმით, ბანკი ვერ ახერხებს ეფექტურად მართოს ფასები  და ეკონომიკაში ფულის ბრუნვა.

ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად დიდი რაოდენით ფულის დაბეჭვდას მიიჩნევს ეკონომისტი, პაატა ბაირახტარი. მისი თქმით, “ლარის მასის მომატება, ყოველთვის ახალისებს ინფლაციას.“

ველოდი, რომ იმ სიგნალების შემდეგ, რომელსაც იძლეოდა ბაზარი, მთელი წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკი მეტ-ნაკლებად შეეცდებოდა სიტუაციის მოთოკვას, თუმცა ასე არ მოხდა, ეროვნული ბანკი შორიდან უყურებს ამ პროცესებს, ერთადერთი არის ეს. მეორე ფაქტორი, რომელზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, ეს არის ფულის მასა, რომელიც ძლიან არის გაზრდილი. ჩვენ თუ შევხედავთ M2 აგრეგატს, ლარის მასას რასაც ვეძახით, არის ძალიან დიდი რაოდენობით ფული დაბეჭდილი, რაც ყოველთვის ინფლაცია ახალისებს, - აცხადებს პაატა ბაირახტარი.

ინფლაციის მაჩვენებელის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკისგან კონკრეტული ღონისძიებები გაატარებას ითხოვს გიორგი ხიშტოვანი. მისი თქმით, არსებული სურათი უკვე სერიოზული სოციალური პრობლემაა.

გაცხადებული პოლიტიკა იყო, რომ ინფლაცია დაიწყებს კლებას, გვამშვიდებდა ეროვნული ბანკი, გვამშვიდებდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცენტრები, თუმცა, რასაც ვხედავთ, ინფლაცია არ ჩერდება, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელი შეიძლება იყოს მოსახლეობისთვის, რომ სურსათზე ინფლაცია არის, მთავარი კონტრიბუტორი, მაღალი ინფლაციის, თითქმის, 12 პროცენტია ინფლაცია სურსათზე და ეს გახდა უკვე სერიოზული, სოციალური პრობლემა. მოვიდა დრო, ეროვნულმა ბანკმა რამე კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს, რომ ინფლაციის მაჩვენებლი შეაკავოს, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

“ჩვენი შემოსავლები ინფლაციას ვერ ეწევა“ - აცხადებს ეკონომისტი გიორგი კეპულაძე და მიიჩნევს, რომ ფასების ზრდის ფონზე, აუცილებელია შემოსავლებიც ეზრდებოდეთ მოქალაქეებს.

ინფლაციის მაჩვენებლს როცა ვუყურებთ და ჩაშლილად ვხედავთ, რომ სურსათზე, მედიკამენტებზე და ა.შ. უფრო მეტად გაიზარდა ფასი და ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, ეს პირდაპირ გვაჩვენებს იმას, რატომ არის მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ სიღარიბეში. როდესაც მხოლოდ საშუალო მაჩვენებლით მანიპულირებენ, ხელისუფლების წარმომადგენლები, ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. და მეორე საკითხი, ამას პირდაპირ ებმება ჩვენი შემოსავლები, რომლებიც ვერ ეწევა. გასაგებია, რომ ფასები სტაბილურად ყოველთვის იზრდება, მაგრამ როგორც წესი, ჩვენი შემოსავლები უნდა მიყვებოდეს მინიმუმ ამ ტემპს, - აცხადებს გიორგი კეპულაძე. 

ცოტა ხნის ნინ, საქსტატმა ინფლაციის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, წლიურ ჭრილში, ინფლაციამ 5,2% მიაღწია, რაც წლევანდელი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე: 

  • ხილი და ყურძენი (21.0 პროცენტი),
  • ბოსტნეული და ბაღჩეული (19.4 პროცენტი),
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.2 პროცენტი),
  • თევზეული (16.9 პროცენტი),
  • ზეთი და ცხიმი (13.9 პროცენტი),
  • პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი),
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4 პროცენტი),
  • ყავა, ჩაი და კაკაო (10.2 პროცენტი),
  • რძე, ყველი და კვერცხი (8.1 პროცენტი),
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.9 პროცენტი);

მსგავსი სიახლეები