პირადი ბიზნესის ლობირება მაღალი თანამდებობიდან - რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ ჩვენება კიდევ ორმა მოწმემ მისცა
რომეო მიქაუტაძის საქმეზე დღეს პროკურატურის ორი მოწმე გამოიკითხა. საუბარია შპს "მცირეს" ყოფილ დირექტორზე ზაზა სიხარულიძესა და გიორგი თეთრაძეზე, რომელიც მიქაუტაძის ყოფილი ბიზნესპარტნიორის, ბაჩანა სულაძის დისშვილია. თეთრაძე ასევე საქოსენერგოს შეფი იყო.
ორივემ მოწმემ დაადასტურა, რომ სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პარალელურად, რომეო მიქაუტაძე ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა და ლობირებდა კონკრეტულ კომპანიებს.
2014 წელს რომეო მიქაუტაძემ შემომთავაზა, რომ მის საკუთრებაში არსებული ძველი ჰესი უკან უნდა დაიბრუნოს, რომელსაც შპს "მცირეს" უნდა გაეწია ეს საქმიანობა და მე გავხდი ამ კომპანიის დირექტორი. თუ რაიმე პრობლემა იქნებოდა, რომეო მიქაუტაძე მეხმარებოდა. 2014 წლიდან 2018 წლამდე ასე გრძელდებოდა. რომეო მიქაუტაძესთან ვათანხმებდი როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ საკითხებს. პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ყველაფერი თანმხდებოდა ბატონ რომეოსთან. ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე სარემონტო იყო და რომეო მიქაუტაძეს ფული მოჰქონდა. ბაჩანა სულაძე იყო ხოლმე რომეო მიქაუტაძესთან ერთად. მერე, რამდეჯერმე შეიცვალნენ მეწილეები. 2018-ში დამიკავშირდა მიქაუტაძე და მითხრა, რომ შპს "მცირე" იყიდებოდა, როორც ვიცი, 600 ათას დოლარად.
როცა "მცირემ" გადმოიბარა ჰესის საქმიანობა, მას სჭირდებოდა ნებართვები საიმისოდ, რომ ეფუნქციონირა. საუბარია იურიდიულ ნებართვებზე, - თქვა ზაზა სიხარულიძემ.
მსგავის ჩვენება მისცა გიორგი თეთრაძემაც, რომელმაც პროცესზე თქვა, რომ მიქაუტაძე კომპანიების საქმინობაში ბიუროკრატიულ საკითხებსაც აგვარებდა.
კომპანიაში საბოლო შპს "მცირეში" გადაწყვეტილებებს ბიძაჩემი ბაჩანა სულაძე და რომეო მიქაუტაძე იღებდნენ. შპს "მომავლის ენერგიაში" ისევე, როგორც "მცირეში", ვიყავი ბიძაჩემის წარმომადგენელი. წილის მფლობელი მე, ქალბატონი მაია ყურაშვილი და კიდევ რამდენიმე ვიყავით. რომეო მიქაუტაძის ძმა მოდიოდა ხოლმე და ვიცოდით, რომ მისი ოჯახის ინტერესს წარმოადგენდა ეს კომპანია. "ნახიდური ჰესთან" დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებდნენ პარტნიორები. ამ შეხვედრებზე რომეო მიქაუტაძე ნანახი არ მყავს.
შპს "მცირეს" გაყიდვის ეტაპზე, როგორც ვიცი, მყიდველი მოიძია რომეო მიქაუტაძემ, რა შეხება "ნახიდური ჰესს", რომეო მიქაუტაძის დახმარებით მოიპოვეს აღნიშნული ობიექტი. ვიცი, რომ ორივე კომპანიას ეხმარებოდა, მარტივად და დროულად მოეგვარებინა რთული ბიუროკრატიული დოკუმენტები, - თქვა პროცესზე თეთრაძემ.
"პირველებმა" მიქაუტაძის ადვოკატს ჰკითხა, გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულმა დანაშაული ნაწილობრივ მაინც უნდა აღიაროს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
მიქაუტაძის ინტერესების დამცველი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მომავალშ რა იქნება - არ ვიცი, - ამბობს უფლებადამცველი.
რაც შეეხება პროკურორს, ის ამბობს, რომ საქმის არსებითი განხილვის და მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, დადასტრდება ის, რომ რომეო მიქაუტაძემ განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლების ლეგალიზება მოახდინა. საუბარია 9 მლნ ლარზე.
რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი 10 ოქტომბერს გაგრძელდება.