აქვს ხერხემლის და კისრის პრობლემა, უჭირს გადაადგილება - ანასტასია ზინოვკინა “საფარის“ იურისტმა მოინახულა

03.11.25 17:44
აქვს ხერხემლის და კისრის პრობლემა, უჭირს გადაადგილება - ანასტასია ზინოვკინა “საფარის“ იურისტმა მოინახულა

“საფარის“ იურისტმა, ნინო ანდრიაშვილმა ანასტასია ზინოვკინა მოინახულა. როგორც მან „პირველებთან“ საუბრისას განაცხადა, პატიმარი ქალის ჯანმრთელობა მძიმეა და ვიზუალურადაც ეტყობა.

მისივე თქმით, მასთან საუბრის დროს ზინოვკინას მარჯვენა ხელი გაკავებული ჰქონდა და ამბობდა, რომ პერიოდულად, ფეხიც და ხელიც უჩერდება, რის გამმოც გადაადგილება უჭირს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, თვითონ განმიცხადა და ვიზუალურადაც ეტყობა, რომ გადაადგილება უჭირს, აქვს ხერხემლის და კისრის პრობლემა, რაც განუვითარდა მისი თქმით, მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ. ძალადობა, რომელზეც ის მესაუბრებოდა, გახლდათ დაკავებისას და მასთან ჩატარებული ჩხრეკის დროს, შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული, თვეების განმავლობაში ებრძვის ამ ტკივილს, თუმცა, შესაბამისი სამედიცინო დახმარება მას პენიტენციურ დაწესებულებაში არ მიეწოდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, როდესაც მას ვესაუბრებოდი, მარჯვენა ხელი ჰქონდა გაკავებული, ამბობს, რომ პერიოდულად უკავდება როგორც ხელი, ასევე ფეხი და გადაადგილება უჭირს. გაიხსენა ინციდენტი, როდესაც წაიქცა საკანში, ითხოვდა დახმარებას, მაგრამ რამდენიმე საათის განმავლობაში მასთან არავინ მივიდა, მას შემდეგაც, როცა შეიხედეს საკანში, შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს, - განაცხადა ნინო ანდრიაშვილმა.

 

ცნობისთვის, აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.

რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რასაც ბრალდებულები უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა - ზინოვკინა იმასაც ამბობდა, რომ პოლიციელები მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.

მსგავსი სიახლეები