გაგრელი აზა - 71 წლის პენსიონერი, რომელიც პროტესტის სიმბოლოდ იქცა

03.11.25 20:39
გაგრელი აზა - 71 წლის პენსიონერი, რომელიც პროტესტის სიმბოლოდ იქცა

აზა ბებო, რომელიც უწყვეტი პროტესტის სიმბოლოდ იქცა, 5-მდე პოლიციელმა ნამდვილი კრიმინალივით დააკავა. 71 წლის ქალს, რომელიც ყოველ დღე რუსთაველზე საქართველოს დროშით დგას და სახლში მომზადებულ საჭმელს დემონსტრანტებს ურიგებს, ხელბორკილები გზის გადაკეტვის გამო დაადეს. დაკავების პირველივე წუთიდან აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და უკანონო პატიმრობის გამო წყალზე და საკვებზე უარი თქვა.

ორი ლარი და 55-ი თეთრი - ეს ის თანხაა, რომელიც 71 წლის აზა ჩილაჩავას პოლიციამ, იზოლატორში შესახლებამდე ჯიბეში უპოვნა და დაულუქა. გაგრიდან დევნილმა ქალმა ადვოკატებს უთხრა, რომ  საკანი იმაზე დიდია ვიდრე მისი დროებითი საცხოვრებელი თემქაზე.

დევნილი პენსიონერის დაკავების შემდეგ განგაში გამოაცხადა მამა დოროთე ყურაშვილმა. სასულიერო პირი, ამბობს რომ ქუჩის პროტესტი უალტერნატივოა და საჭიროა ოპოზიცია იდგეს ხალხის გვერდით, ან მოძებნონ უკეთესი გზა რეჟიმის შესაცვლელად.

პოლიციას ნადირობა აქვს გამოცხადებული ყველა იმ ადამიანზე. ვისი ჯიუტი პროტესტის გამოც, რუსთაველზე უწყვეტი აქციები მიდის. გუშინ გზა, ერთი ოჯახის 4 წევრმა გადაკეტა - მანანა ჯავაშვილია, თბილისის ვალდორფის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი და ცნობილი ფოტოგრაფის გურამ წიბახაშვილი მეუღლე. გუშინ ამ ოჯახმა იცოდა, რომ პროტესტის გამოხატვას, მათი პატიმრობა მოჰყვებოდა, თუმცა ამბობდნენ, რომ სხვა გზა "ქართულმა ოცნებამ" არ დაუტოვა. 

ცნობილი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი, რომლის არაერთი ფოტოთი მსოფლიომ საქართველო გაიცნო, ხვალ პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა, ამ დროს გაიგო რომ მის ცოლს და ორ შვილს იჭერენ. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები