ქალი ეროვნული მოძრაობიდან, რომელიც პროტესტის სიმბოლოდ იქცა - ვინ არის გუშინ დაკავებული ლელა ცომაია [ფოტოები არქივიდან]
გუშინ დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ქალი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, ლელა ცომაიაა. ის პოლიციამ, გუშინ, თავისუფლების მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით აიყვანა.
ლეილა ცომაია, ცოტა ხნის წინ, ხელწერილით გაათავისუფლეს. მის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.
- ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გვერდით იბრძოდა. ლეილა ცომაია 80-იან წლებში უკანონო დაკავებულების გასათავისუფლებლად ხელწერილებს აგროვებდა.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, ირაკლი შონია "პირველებს" გვიყვება, რომ ლეილა ცომაია შევარდნაძის პერიოდშიც პოლიტპატიმარი იყო. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამდენი წლის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებს უკანონობასთან და რეჟიმთან უწევთ ბრძოლა.
პროტესტი ვერ გადატეხა ვერაფრით ამ ხელისუფლებამ თუ რეჟიმმა, უკვე რეჟიმს დავარქმევდი და ამიტომაც მისი პოლიტიკა დღეს მხოლოდ რეპრესიებზე გადის, სხვა პოლიტიკა მას, არც საშინაო და არც საგარეო, არ გააჩნია და ყოველი დღე იმით თენდება ვინ დააპატიმრეს და ვინ დაიჭირეს.
ქალბატონი ლეილა ეროვნული მოძრაობიდან მოდის და ყოველი ხელისუფლების, წინა ხელისუფლებების დროსაც ყოველთვის აპროტესტებდა თუ რამე უკანონო იყო საქართველოში. ის დისიდენტობის პერიოდიდან არის ჩართული ამ მოვლენებში, არის ადამიანის უფლებების დამცველი, ჟურნალისტი, გაზეთის გამომცემელი. ქალბატონი ლეილა იყო პოლიტპატიმარი შევარდნაძის პერიოდშიც, მასზე მაშინ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, მაშინაც მიტინგებთან დაკავშირებით. მაშინ უნივერსიტეტთან ტარდებოდა მიტინგი, სადაც იქნა ის დაკავებული და სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ ამდენი წლის შემდეგ ისევ ამ უკანონობასთან, ამ რეჟიმთან გვაქვს ისევ საქმე. მე არ მეგონა თუ ოდესმე, ყოველ შემთხვევაში სურვილი მქონდა იმის, რომ არასოდეს ჩვენ ქვეყანაში აღარ ყოფილიყვნენ პოლიტპატიმრები, სამწუხაროდ, გრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა დასრულდეს, აუცილებლად. მე ვთხოვ ყველას, ყველა კეთილი ნების ადამიანს საქართველოში, საქართველოს ფარგლებს მიღმა, რომ ვისაც კი შესწევს ამის ძალა და უნარი, შეაჩერონ ეს რეპრესიები," - ამბობს ირაკლი შონია.






[ფოტოები "TV პირველს" ირაკლი შონიამ მოგვაწოდა]