გიორგი ახობაძის ცემასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
ექიმ გიორგი ახობაძის ცემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ცნობისთვის, გიორგი ახობაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ტაქსს, რომლითაც თბილისის აეროპორტიდან მოდიოდა, გზა გადაუჭრა შავმა „პრადომ”, საიდანაც რამდენიმე პირი გადმოვიდა და მას თავს დაესხა.
გიორგი ახობაძე ამბობს, რომ თავდამსხმელები გარდაცვლილი ბიზნესმენის, ლაშა ბასლანძის “სამეგობროს მოგზავნილი ტიპები, ან თვითონ ეგენი” დაესხნენ.