ზვიად ცეცხლაძის ოჯახი აპირებს შალვა პაპუაშვილს უჩივლოს
"მოვილაპარაკე ზვიადთან და ვამზადებთ სარჩელს პაპუაშვილის წინააღმდეგ" - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
ზურა ცეცხლაძის თქმით, "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ მის შვილს "ტერორისტი" უაპელაციოდ უწოდა.
სინდისის პატიმრის მამის, განცხადებით, შალვა პაპუაშვილს სასამართლოში პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს.
ევროკავშირის ელჩს ჩემმა შვილმა მისწერა წერილი, რითაც მოითხოვდა, არ გაეუქმებინათ ვიზალიბერალიზაცია და ევროსაბჭოდან არ გამოვეძევებინეთ. ეს პოზიცია თანხვედრაში იყო რეჟიმის პოზიციასთანაც, რეჟიმი თავად ამბობდა, რომ არ უნდოდათ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა და თითქოს, ოპოზიცია მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია წაერთვათ.
შემდგომ ევროკავშირის ელჩისგან გამოიგზავნა წერილი ციხეში, სადაც ძალიან კორექტულად, აბსოლუტურად სამართლიანად იყო აღნიშნული, რომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წუხდნენ, რომ ქვეყანა ევროპულ გზას აცდენილია და ა.შ.
ამ წერილის გამო დე ფაქტო პარლამენტის, თვითმარქვია პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი გამოვიდა და ჩემს შვილს უწოდა ტერორისტი. ვციტირებ: "ევროკავშირის ელჩი იცლის იმისთვის, რომ ციხეში ტერორისტს მისწეროს წერილიო".
მე ძალიან გამაბრაზა ამ თემამ, იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, აბსოლუტურად არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება მის სიტყვებს.
ადამიანი უაპელაციოდ უწოდებს ტერორისტს ჩემს შვილს, მაშინ, როცა ტერორიზმის მუხლით არ იყო გასამართლებული და ის მუხლიც კი, რომელიც ბრალად ჰქონდა წარდგენილი, შეუცვალეს მსუბუქი მუხლით.
გამომდინარე აქედან, მოვილაპარაკე ზვიადთან, გუშინ შეხვედრა გქვონდა და ვამზადებთ სარჩელს პაპუაშვილის წინააღმდეგ და ბოდიში მოვახდევინოთ იმ ამაზრზენი სიტყვებისთვის, რასაც ჩემს შვილს, 20 წლის ბიჭს უწოდებს.
პაპუაშვილს მივმართავ, თუ ჩემი შვილი ტერორისტია, რატომ არ მიუსაჯეს 20 წელი ან სამუდამო, არაა სახიფათო ეს ბიჭი წელიწადნახევარში რომ გამოვა ციხიდან, ეს დიდი „ტერორისტი“, რომელიც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შესანიშნავი სტუდენტია, რომელიც გრანტით მოეწყო უნივერსიტეტში, რომელიც სკოლაში სწავლის დროს საუკეთესო მოსწავლეთა გუნდის წევრი იყო, სკოლა მედალზე დაამთავრა, კონფლიქტი თავის ცხოვრებაში არავისთან ჰქონია, ჰუმანიზმის, სინდისის ადამიანი იყო. მას უაპელაციოდ ტერორისტს უწოდებთ, აუცილებლად მოგიწევთ სასამართლოში პასუხის გაცემა, ბატონო პაპუაშვილო, არ გეგონოთ, რომ ეგ თანამდებობა სამუდამოა თქვენთვის," - თქვა ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე. ("პუბლიკა")