"ქართული ოცნება" საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს - პირველი ინტერვიუ გათავისუფლებულ მასწავლებელთან

04.11.25 15:25
"ქართული ოცნება" საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს - პირველი ინტერვიუ გათავისუფლებულ მასწავლებელთან

"ქართული ოცნება" საბჭოთა კავშირში გვაბრუნებს, ოღონდ უფრო მძიმე ფორმებით" - ამის შესახებ მასწავლებელმა მანანა ჯავაშვილმა, დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ, განაცხადა. 

ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ მას სასამართლომ ერთდღიანი პატიმრობა ასაკის გამო შეუფარდა და განმარტავს, რომ მისი შვილები, რომლებიც 8-8 დღით გაუშვეს პატიმრობაში, მას შემდეგ გადავიდნენ გზაზე, რაც დაინახეს, რომ გზის სავალ ნაწილზე ის და თავისი და იდგნენ. 

მანანა ჯავაშვილი იზოლატორში შესახლების დეტალებს იხსენებს და ყვება, რომ დამკავებლები მის ფოთში გადაყვანას განიხილავდნენ, თუმცა შემდეგ "ნაცნობობით" ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ერთი ადგილი გამოუნახეს. 

მასწავლებლები, მე რომ მკითხოთ, ყველაზე მეტად არიან ვალდებულნი, რომ იყვნენ ქუჩაში იმიტომ, რომ თუ ისინი ღელავენ, ზრუნავენ თავიანთ მოსწავლეებზე და თავიანთ მომავალ თაობაზე, ეს არის ერთადერთი ამ წუთში საკეთებელი, მე ასე ვთვლი. 

ჩემ შემთხვევაში ალბათ იმუშავა ჩემმა ასაკმა, სხვას ვერ ვხვდები, ლოგიკა აქ არ არის. ჯერ მე გადავედი და მერე ისინი, უბრალოდ, რომ დამინახეს რომ გადასულები ვიყავით მე და ჩემი და მერე გადმოვიდნენ, ამიტომ წესით ჩვენ მეტად გვეკუთვნოდა დაჯარიმება, ასე ვთქვათ, ვიდრე მათ [შვილებს]. ლოგიკა არ აქვს ამას ყველაფერს. 

მე ასეთი განცდა მაქვს, გუშინ რომ ეძებდნენ ადგილს, სად უნდა შემოვესახლებინე, იმდენი იწვალეს ვერ წარმოიდგენთ, ჯერ ამბობდნენ, რომ ფოთში წამიყვანდნენ ამ ერთი დღისთვის, ჩამიყვანდნენ და ჩამომიყვანდნენ, მერე თქვეს არა იცი რა, იქნებ როგორმე, მერე ერთმანეთში ნაცნობობით მოახერხეს, რომ ეშოვნათ ეს ერთი ადგილი. ძალიან უცნაური რამე ხდება. ამიტომ ის, რომ ვიღაცას 5 დღეს უსჯიან, როგორც ჩანს, ესეც რაღაცა გათვლაც არის, ხომ უნდა დაატიონ ეს ადამიანები, რეალურად ეგ არის.  

საბჭოთა კავშირში, მე 29 წლის ვიყავი როდესაც დაიშალა, 1989-ში და პრინციპულად შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ ასეთი მძიმე რეპრესიები ჩვენთვის აღარ იყო ცნობილი. ყველაფერი ვიცოდი, წაკითხული გვქონდა, გვსმენოდა, მაგრამ ეს აღარ იყო... შეგეძლო გეშაყირა, შეგეძლო ანეგდოტი მოგეყოლა. დღეს ფაქტობრივად, ანეგდოტის მოყოლისთვის ციხეში ჩაგსვამენ, ამიტომ გაცილებით უფრო რთულ სიტუაციაში მივყავართ და პრინციპში იგივეში გვაბრუნებენ, ოღონდ უფრო მძიმე ფორმებით," - ამბობს მანანა ჯავაშვილი. 

აღნიშნული ოჯახის ოთხი წევრი სასამართლომ, გუშინ, გზის გადაკეტვაში დამნაშავედ ცნო: მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი პატიმრობა შეეფარდა. გიგა და ლადო წიბახაშვილებს 8-8 დღით პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ეკა ჯავაშვილი სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა.  

მსგავსი სიახლეები