გამაღვიძეს და მითხრეს, ფსიქიატრიული შემოწმება უნდა ჩაგიტაროთო - რა მოხდა იზოლატორში?
დროებით ოკუპირებული გაგრიდან დევნილი, სამოქალაქო აქტივისტი, აზა ჩილაჩავა აცხადებს, რომ იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, ღამით გააღვიძეს და შსს-ს თანამშრომლებმა მისი ფსიქიატრთან გადაყვანა სცადეს.
პენსიონერის ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენელი მას უმტკიცებდა, რომ თავი დაარტყა და დოკუმენტზე ხელის მოწერას სთხოვდა, რაზეც აზა ჩილაჩავამ უარი განაცხადა და თქვა, რომ თავი არაფრისთვის დაურტყამს.
პრო-ევროპული აქციების მუდმივი მონაწილე ამბობს, რომ ის რუსთაველის გამზირზე დღესაც გავა და გზაზე პირველი გადავა, რადგან არ ეშინია.
მეძინა იმ დღეს, მაგრამ გამომაღვიძა და თავი ხომ დაარტყითო და ახლა უნდა შეგამოწმოთო, ბებო, მე ვუთხარი, თავი როგორ დავარტყი, არ დამირტყია, არა ახლა უნდა შეგამოწმოთო ფსიქიატრიო, თუ ფსიქოლოგიო მე მგონი და მომიწერეთ ხელიო. მე რაზე მაწერინებდნენ ხელს არ ვიცი და მე არაფერზე თქვენ ხელს არ მოგიწერთ, მე თავი არ დამიტყია-თქო. მითუმეტეს კამერაც იყო იქ და რატო, ალბათ გამორთული იყო კამერა, არ ვიცი, ასე რომ მიმტკიცებდა, თავი დაარტყიო და უნდა გაგსინჯოთო.
ვემზადები, რომ ამ საღამოს დამიჭერენ და ეს სისხლის სამართალი იქნება, თუ რა იქნება, მე ჩემი თავი არ მენანება. ის ახალგაზრდები რომ უზით იმათი გულისთვის ვიბრძვი, ისინი რომ გამოუშვან, ისინი რომ ჰყავთ გამომწყვდეული ჩემი გული ვერ იტანს.
ახლა, ჩანთა რომ გამოვიტანე, ჩამაბარეს ყველაფერი, რა მქონდა იმ ჩანთაში - დროშა მქონდა და იქვე გავიკეთე, მე ვუთხარი, ამ დროშას არასდროს არ დავმალავ და იქვე გავიკეთე და გაეცინათ. მე ახლა უკვე ვარ მომზადებული საღამოსთვის, ერთი სული მაქვს როდის დაღამდება და როდის მივალ [რუსთაველზე].
ვიცი, რომ დამიჭერენ. ხელზე რომ ბორკილები დამადეს გული დამწყდა, გული დამწყდა რო ჩემ სანათესაოში ბევრი მყავს, არავინ არ იყო ასე ხელბორკილებით. ბებო რა პატარა, ნაზი ხელები გქონიაო იმ ბიჭმა და არ მოგიჭერ ბებოო მითხრა, ხოდა თავისუფლად გამიკეთა," - თქვა აზა ჩილაჩავამ.
აზა ჩილაჩავა გზის გადაკეტვაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ერთდღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის გუშინ გაათავისუფლეს.