ძალადობრივი დაკავება და ფსიქოლოგიური ტერორი - უწყვეტი პროტესტის მონაწილეები პოლიციას უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ
მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, ეროვნული მოძრაობის წევრი ლეილა ცომაია, რუსთაველის გამზირზე გამართული პროტესტის აქციაში მონაწილეობის გამო პოლიციამ დააკავა. 71 წლის აქტივისტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკვე ნახევარი საუკუნეა იბრძვის, ღამის სამ საათზე პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.
ცომაიას განცხადებით, მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო: „როდესაც კონსტიტუციას თავზე გვახევენ, გაჩერება აღარ შეიძლება,“ — ამბობს ის.
ეროვნული მოძრაობის წევრი ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია იმის დანახვა, როგორ იქცა ქვეყანა, რომლის დამოუკიდებლობისთვისაც წლების განმავლობაში იბრძოდა, „ოლიგარქიული მმართველობის“ სამიზნედ.
ცომაიამ არ მოაწერა ხელი არცერთ პოლიციურ დოკუმენტს, მის საქმეს კი სასამართლო განიხილავს.
როგორც მისი თანამებრძოლები აღნიშნავენ, ამ ორ ფოტოს შორის - ერთზე, სადაც ცომაიას ივანიშვილის მმართველობის პირობებში აკავებენ, და მეორეზე, სადაც ის შევარდნაძის ეპოქაშია დაპატიმრებული, 26 წელია, მაგრამ რეალობა არ შეცვლილა: „სხვაობა საბჭოთა და დღევანდელ რეჟიმს შორის უკვე დიდი ხანია ვეღარ ჩანს,“ - აცხადებენ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.