რას ედავებიან გიორგი ბაჩიაშვილს და რა დევს მის წინააღმდეგ მტკვარი ჰესის საქმეში
ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი, გიორგი ბაჩიაშვილი, სასამართლოში უშედეგოდ ცდილობდა გაეგო, რაში სდებს ბრალს მას მთავარი საგამოძიებო უწყება. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ითხოვდა განმარტებას როგორც პროკურორისგან, ისე მოსამართლისგან, თუმცა „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალის არსი კვლავ გაურკვეველია.
ოფიციალურად, ბაჩიაშვილს ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში წაუყენეს, თუმცა არც ბრალის დადგენილებაშია მითითებული, კონკრეტულად რა ქმედება მიიჩნია დანაშაულად პროკურატურამ, და არც სასამართლო პროცესზე მიეცა ამაზე განმარტება. პროცესის აუდიოჩანაწერი მოგვიანებით ტელეგრამის არხით გავრცელდა.
გამოძიების ვერსიით, „მტკვარი ჰესს“ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი აშენებდა, ხოლო ბაჩიაშვილს, როგორც პროექტის მმართველს, ევალებოდა რისკების წინასწარი შეფასება.
თუმცა პროკურორებმა თავადვე დაადასტურეს, რომ ბაჩიაშვილმა მშენებლობის დაწყებამდე ჩაატარა კვლევები, მოიწვია სპეციალისტები და შექმნა ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც თითოეულ მიმართულებას აკონტროლებდნენ.
მიუხედავად ამისა, ბრალდების ლოგიკით, ყოფილმა მენეჯერმა თითქოს „წინასწარ ვერ განჭვრიტა“ არც კორონავირუსის პანდემია და არც მეწყრული პროცესები, რამაც პროექტის გაჭიანურება და ხარჯების ზრდა გამოიწვია.
ბაჩიაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმე აბსურდულია და მისი მიზანია ყოფილი თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის დისკრედიტაცია, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ნდობით აღჭურვილი ფინანსური მენეჯერი იყო.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.