ოჯახი სპეცრაზმს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს - პირველი ინტერვიუ სპეცრაზმის მიერ მოკლული მირზა ალიევის მამასთან

05.11.25 17:18
ოჯახი სპეცრაზმს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს - პირველი ინტერვიუ სპეცრაზმის მიერ მოკლული მირზა ალიევის მამასთან

 

 

სპეცრაზმის მიერ მოკლული მირზა ალიევის მამა კაბალში, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის,   სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს TV პირველთან იხსენებს. ამბობს, რომ ძალოვანებმა სროლა სახლში შევარდნისთანავე დაიწყეს. მისი თქმით, ნიღბიანები ჯერ მის ოთახში შევიდნენ, მერე კი მირზას საძინებელში გადაინაცვლეს. კაცი ამბობს, რომ ცეცხლი პირველად სწორედ სპერაზმმა გახსნა. 

ლოგინში ვიწექი, უცბად მიწისძვრა მეგონა, რაღაცა აფეთქება, სროლა მესმის. როგორც კი შემოვიდნენ, ეგრევე დაიწყეს. მერე ჩვენ ოთახში შემოვიდნენ, სამნი თუ ოთხნი. ჩავვარდი ლოგინიდან, გრძნობადაკრგული ვიყავი თითქმის, მაგრამ მესმოდა, რას აკეთებდნენ. უცბად იქით შევიდნენ, მოხდა სროლა. მეუბნებოდნენ, "სად არიან, სად არიან შენი შვილებიო"..., - ამბობს ალიევის მამა. 

მოკლულის მამა ადასტურებს, რომ მირზა ალიევი "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდა, თუმცა მისივე განცხადებით, ბოლოს პოლიტიკაში ყოფნა აღარ სურდა, რადგან "ბიზნესისთვი დრო აღარ რჩებოდა". 

ნეიტრალურად დადგა თვითონ, ჩემი საქმე არ არისო. აღარ უნდოდა, ვერ ასწრებდა თავის ბიზნესს, - ამბობს ალიევი. 

ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მირზა ალიევი სოფელ კაბალში ჩატარებული სპეცოპერაცისას მოკლეს. ალიევის ოჯახში სპეცრაზმი გამთენიისას შევიდა. ოჯახი ამტკიცებს, რომ პირველად ცეცხლი სწორედ ძალოვანებმა გახსნეს.

5 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე,  ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 ადამიანი.

ძალოვანის თქმით, კაბალში, მირზა ალიევის ასაყვანად მისულ სპეცდანიშნულების რაზმს კაცმა „ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა". შედეგად კი გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. საბოლოოდ კი პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.