სეს: დედოფლისწყაროში ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოვავლინეთ

12.11.25 11:55
სეს: დედოფლისწყაროში ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოვავლინეთ

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ცნობით, კახეთში, დედოფლისწყაროში ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს. 

როგორც სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფიზიკური პირი მ.გ (მისამართი: დედოფლისწყარო, ცენტრალური  პარკის მიმდებარე ტერიტორია) ყველს, რეალიზაციის მიზნით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე აწარმოებდა. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო ამოღებული სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა.

ასევე ირკვევა, რომ გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხელმეორედ შეუჩერდა საწარმოო პროცესი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში რძის გადამმუშავებელ არარეგისტრირებულ საწარმოს.

ფიზიკური პირი თ.ბ, სააგენტოს მიერ წარმოების პროცესის შეჩერების მიუხედავად, თვითნებურად აგრძელებდა საქმიანობას (ყველის წარმოება), რისთვისაც მეწარმე, დარღვევის განმეორების  გამო, 5000 ლარით დაჯარიმდა.   

2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მაქსიმალურად გაააქტიურა  რძისა და რძის გადამამუშავებელი  წარმოებების  კონტროლი. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს.  აქედან 20-მდე მეწარმემ  სააგენტოს  მიმართა და  კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.  

 

მსგავსი სიახლეები