რიჟვაძის მეგობრებს აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ამ დრომდე არ უნახავთ - ამტკიცებენ, რომ არ იციან, რა მოხდა საგარეჯოში
აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის თანაგუნდელებს და მეგობრებს, ამ დრომდე არ უნახავთ და მოუსმენიათ თავად რიჟვაძისგან, რა მოხდა 5 თვის წინ საგარეჯოში.
ისინი მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასაც მხოლოს ახლობლებისგან იგებენ და ამტკიცებენ, რომ „მაშინვე მოინახულებენ, როგორც კი ექიმი ამის ნებას დართავთ“.
დავით ბაციკაძე, ერთ- ერთი მათგანია, რომელიც რიჟვაძესთან მეგობრობდა, თუმცა, მისი მონახულება ამ დრომდე “ვერ მოახერხა“.
ბაციკაძე ამტკიცებს, რომ მას ამის საშუალება ექიმებმა არ მისცეს და გუნდის მითითებები არაფერ შუაშია.
რეაბილიტაციას გადის, როგორც კი საშუალება იქნება, აუცილებლად ვნახავ და აუცილებლად ვკითხავ, გუნდი რა შუაშია, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშააა და ექიმი წყვეტს დღეს. მამამისს ვესაუბრე, რა თქმა უნდა, - თქვა ბაციკაძემ.
ჟურნალისტის კითხვამ, რატომ არ უშვებენ ქვეყანაში რიჟვაძეს, ბაციკაძე გაღიზიანა:
რა უაზრობებს კითხულობ, რა ჭორებს იმას შვები. სასწაულებს ამბობს, რა შუაშია გუნდის წევრი, ჩემი მეგობარიათქო, გითხარი, როცა ვნახავ მერე გეტყვი. ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა, აზრზე არ იყო, კომუნიკაცია არ მქონია მას შემდეგ. როგორც კი საშუალება მექნება, უფლებას მისცემს ექიმი, აუცილებლად ვნახავ, - განაცხადა ბაციკაძემ.
ასევე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს მოხმდარზე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე. როგორც ის ამბობს, რიჟვაძის ნებისმიერი გადაადგილება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება და სხვა ყველა საუბარი “სპეკულაციაა“.
მისი ნებისმიერი გადაადგილება, მათ შორის, შესაძლოა, გერმანიაშიც, მე ესეც არ ვიცი, უკავშირდება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია, შესაძლოა, სპეკულაციად ჩავთვალოთ, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე.
თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია - ინფორმაცია “პირველებს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა დაუდასტურა.
ახვლედიანის მტკიცებით, რიჟვაძის გერმანიაში წასვლა მხოლოდ სამკურნალო მიზნებით მოხდა და მას ქვეყანა არ დაუტოვებია.
გუშინ „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რიჟვაძეს ერთ თვალში მხედველობა დაკარგული აქვს და სავარაუდოდ, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აირჩია საცხოვრებლად ევროპა.
მედიის ინფორმაციით, რიჟვაძესთან ერთად გერმანიაში გადავიდნენ მისი მეუღლე, შვილები და მშობლები.