"საგანგაშო სიგნალი" - რას ამბობენ სტუდენტები და ექსპერტები Erasmus+–ის დაფინანსების შეჩერებაზე
Erasmus+–ის დაფინანსების შეჩერებას სტუდენტებიც და განათლების სპეციალისტებიც სერიოზულ დარტყმად აფასებენ. მათი შეფასებით, გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების პოლიტიკურად არასწორ ნაბიჯებს, რომლებმაც ევროკავშირის უნდობლობა გამოიწვია და საქართველოს განათლების სისტემა ევროპულ სივრცეს კიდევ უფრო დააშორა.
სტუდენტები პირდაპირ ამბობენ, რომ "ოცნების" ხელისუფლებას არ სურს, ახალგაზრდებმა უკეთესი განათლება მიიღონ და სწორედ ამას ადასტურებს ევროკავშირის გადაწყვეტილებაც.
რასმუსი ყველა ახალგაზრდისთვის, ყველა სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია. ერთი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამაა, რომლითაც შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ვნახოთ განათლება სხვა, ევროპულ ქვეყნებში და გარდა ამისა, აფინანსებენ ისეთ პროექტებს, რომელიც არის უნივერსიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, რათა გადავიდეთ ევროპული განათლების ხარისხზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ რეჟიმს ეს არ უნდა, არ აწყობს და ამიტომაც ცდილობს, რომ ყველანაირად ხელი შეუშალოს ჩემს და მომავალ თაობებს, რათა უკეთესი განათლება მივიღოთ და ზუსტად ასეთი ნაბიჯების გამო გვიუქმებს ერასმუსი ახლა დაფინანსებას უნივერსიტეტებში, რაც ძალიან დამაზიანებელი იქნება ქართველი ახალგაზრდებისთვის. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ იციან, ჩვენ ვართ რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია, ისინი შეცვალოს, - ამბობს სტუდენტი დავით მშვენიერაძე.
კიდევ ერთი სტუდენტი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკურად არასწორ ნაბიჯებს დგამს. მარიამ ცომაიას თქმით, ივანიშვილის გუნდს არ სჭირდება განათლებული თაობები, რადგან უვიცი მასების მართვა უფრო მარტივია.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მთარობა პოლიტიკურად არასწორ ნაბიჯებს დგამს და ეს ნაბიჯები იწვევს ევროკავშირის უნდობლობას. მთავრობა გვიჭრის იმ შესაძლებლობებს, რომელიც გვაერთიანებდა თვითონ ამ ევროპულ სივრცესთან და ამ რეჟიმის მთავარი მიზანიც ზუსტად ეს არის, რადგან მათ სურთ, მწირი განათლება მივიღოთ, რომ მარტივად სამართავი მასა ჰქონდეს მომავალში, რომ რეჟიმი ყოველთის მყარი იყოს, - ამბობს მარიამ ცომაია.
სტუდენტების მძიმე შეფასებების შემდეგ, განათლების სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ Erasmus+–ის შეჩერება არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ მთლიან საგანმანათლებლო სისტემას ძლიერ დაარტყამს. მათი თქმით, მინიშნება აშკარაა - ევროკავშირის გადაწყვეტილება პირდაპირ ასახავს იმას, თუ როგორ აფასებს ევროპა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს.
მოკლევადიან პერპსექტივაში ეხება უშუალოდ სახელმწიფოს და სტრუქტურირებულ რეფორმებს, რომლებსაც ვეღარ განახორციელებს ერასმუსის სახელით და შემდეგ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მოყვება უკვე სხვა ტიპის პროექტების შეწყვეტაც, შეჩერებაც ნელ-ნელა. ამგვარად, მე მგონია, რომ ეს საგანგაშო სიგნალია, რადგან ერასმუსში მონაწილე ნებისმიერი ახალგაზრდა, ლექტორი, რომელიც სარგებლობდა ამით, მათ პროფესიულ განვითარებას უწყობდა ხელს და მთლიანობაში განათლების ხარისხის ამაღლებას საქართველოში, - ამბობს განათლების ექსპერტი მანანა რატიანი.
ამავე აზრს იზიარებს კიდევ ერთი ექსპერტი, შალვა ტაბატაძეც.
რა თქმა უნდა, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ამ სისტემის მოდერნიზაციის, მათ შორის სწორი საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის, ეს მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება და ამავე დროს, ეს არის მესიჯი თუ როგორ ხედავს ევროკავშირი და მათ შორის ერასმუს პლიუსის პროგრამა საქართველოს ინტეგრაციას მის სტრუქტურებში. ეს პირველად არის სახელმწიფო სტრუქტურების დახმარების შეჩერების თვალსაზრისით, თუმცა არის განაცხადი იმის შესახებ, რომ ევროპული კავშირის ნაწილი საქართველო აღარ აღიქმება, - ამბობს შალვა ტაბატაძე.
Erasmus+-ის განახლებული გზამკვლევის მიხედვით, ევროკავშირი საქართველოში აღარ დააფინანსებს იმ პროექტებს, სადაც სახელმწიფო უწყებები ან მათთან დაკავშირებული სტრუქტურები მონაწილეობენ - მიზეზად მითითებულია ქვეყნის პოლიტიკური ვითარება. შედეგად შეჩერდება პროგრამები, რომლებიც უნივერსიტეტების განვითარებას, ბიბლიოთეკებისა და ლაბორატორიების აღჭურვას და სხვა ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას უზრუნველყოფდა.