პირიქით, ქეთევან ხუსკივაძეს გოგა მემანიშვილმა შეაგინა - ადვოკატი

20.11.25 11:17
პირიქით, ქეთევან ხუსკივაძეს გოგა მემანიშვილმა შეაგინა - ადვოკატი

სინდისის პატიმრის მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დაკავებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ქეთევან ხუსკივაძეს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა შეაგინა -  ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი, მარიამ კანდელაკი ავრცელებს. 

ადვოკატის თქმით, ქეთევან ხუსკივაძე პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გადამეტებით დააკავეს იმის მიუხედავად, რომ მარშის მონაწილე მათ წინააღმდეგობას არ უწევდა. ასევე, ქეთევან ხუსკივაძე კისრისა და იღლიის არეში ტკივილს გრძნობს. 

დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოვინახულე დაკავებული ქეთევან ხუსკივაძე, რომელიც გახლავთ ლექტორი. როგორც მასთან გასაუბრების შედეგად ჩემთვის გახდა ცნობილი, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის არ მიუყენებია, უფრო მეტიც, მისი დაკავება განხორციელდა აბსოლუტურად უკანონოდ, დაახლოებით 10-მდე პოლიციელმა მოახდინა მისი დაკავება, საკმაოდ ძალმომრეობით და ძალის გადამეტებითაც, მის მიმართ განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათ შორის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის მიერ. როგორც დაკავებულმა განმიცხადა, უშუალოდ გოგა მემანიშვილმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაკავებისას, მათ შორის გინებაც იყო მის მიმართ განხორციელებული. 

გრძნობ ტკივილს კისრისა და იღლიის არეში, ვინაიდან ხდებოდა მისი დაკავება ძალის გადამეტებით იმის მიუხედავად, რომ მისი მხრიდან არ ჰქონდა ადგილი წინააღმდეგობის გაწევას," - თქვა მარიამ კანდელაკმა. 

ამასთან, ადვოკატის თქმით, მასწავლებელ ნინო გუდაშვილთან მიმართებითაც ადგილი ჰქონდა უფლება-მოსილების გადამეტებით დაკავებას.

ცნობისთვის, გუშინ, მათე დევიძის მხარდასაჭერი მსვლელობის დროს, მელიქიშვილის გამზირზე, ხუსკივაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს

გოგა მემანიშვილი ამტკიცებს, რომ პოლიციას ამის ამსახველი მტკიცებულებები აქვს და მათ სასამართლოში წარადგენს. მისივე თქმით, პოლიციელი, რომელმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო სასამართლოში მივა და ჩვენებას მისცემს. 

მსგავსი სიახლეები