ბავშვი მეცოდება, ჩახუტება უნდა და ვერ მეხუტება... ვინც ჩემ ოჯახს ეს ტანჯვა მოუწყო, უნდა დაისაჯოს! - ანატოლი გიგაური
"ვიბრძოლებ ბოლომდე, სანამ ეს მახინჯი სისტემა არ გაქრება" - ასე მიმართა სააპელაციო სასამართლოს სინდისის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა.
გიგაურმა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ 2 წლიან პატიმრობაში გაუშვა, სააპელაციოს მოსამართლეს უთხრა, რომ თუ გაამართლებდა, ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება იქნებოდა.
სინდისის პატიმარმა სხდომაზე ისაუბრა შვილზე, რომელსაც მამასთან ჩახუტება არ შეუძლია და ოჯახზე, რომელიც დიდ ტანჯვას გადის მისი პატიმრობით.
ვინცჩემ ოჯახს ეს ტანჯვა მოუწყო სისხლის სამართლის მუხლებით უნდა დაისაჯოს. თქვენ სისტემის წარმომადგენლები ხართ წყლით სავსე ვედროში წვეთი ხარ, მე ნიავი ვარ და ერთი შებერვით ამოგაშრობთ. ვიბრძოლებ ბოლომდე, სანამ ეს მახინჯი სისტემა არ გაქრება. ვიბრძოლებ იმ ხალხთან ერთად, ვინც უკან მიდგას. მე ამ ხალხს არ ვუღალატებ. ყველა ტანჯვისთვის ვარ მზად. უბრალოდ ოჯახის წევრები მეცოდებიან. ბავშვი მეცოდება ვინც ამ ფანჯარასთან მოდის ჩახუტება უნდა და ვერ მეხუტება. თქვენ მდგომარეობაშიც შევდივარ ბატონო მოსამართლე. რაც გინდათ ის ქენით, როგორი განაჩენი გინდათ გამოიტანეთ. თქვენ რომ ეხლა გამამართლებელი განაჩენი დადოთ იმხელა წნეხის ქვეშ აღმოჩნდებით. თუმცა გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული. მე მზად ვარ ყველაფრისთვის, რაც გინდათ გააკეთეთ. მე ვარ მართალი" -თქვა ანატოლი გიგაურმა.
სააპელაციო სასამართლომ ანატოლი გიგაურის 2 წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარს ბრალი „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა.