ქონება, რომელიც ტექნუნივერსიტეტს გაუყიდეს - ოპოზიცია სუსსა და პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს

23.11.25 18:00
ქონება, რომელიც ტექნუნივერსიტეტს გაუყიდეს - ოპოზიცია სუსსა და პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს

ქონება, რომელიც ტექნუნივერსიტეტს გაუყიდეს - ოპოზიციის შეფასებით, ვაკეში მდებარე ასწლოვანი კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიის გასხვისებამ სერიოზული კითხვის ნიშნები გააჩინა როგორც გარიგების სისწორესა და მიზანშეწონილობაზე, ისე სახელმწიფოს ინტერესებთან თავსებადობაზე. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში არსებული პრესტიჟული ქონების გაყიდვიდან მიღებული 9.8 მილიონი ლარი კვლევითი ინსტიტუტის პირობებს არ მოხმარდა.

ვნახეთ, რომ გაიყიდა ქალაქის ცცენტრალურ ადგილზე საკმაოდ დიდი ტერიტორია. ეს ტერიტორია ეკუთვნოდა კვლევოთ-საგანმანათლებლო დაწესებულებას და ამ ტერიტორიის გაყიდვიდან მიღებული თანხა რა ფორმით მოხმარდა ან საერთოდ მოხმარდა თუ არა ამ კვლევითი ინსტიტუტის პირობების გაუმჯობესებას, ეს საზოგადოებამ არ იცის. ოღონდ, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ასეთი ინსტიტუტი ასეთი ტრანზაქციის შედეგად საერთოდ განადგურდეს, მათი პირობები ვერ გაუმჯობესდეს და პირიქით, გაუარესებულ პირობებში მოუწიოთ მათ არსებობა. ეს არის ის მთავარი კითხვები, რომელიც აქ არსებობს - მოხმარდება თუ არა ეს თანხები ამ კვლევით ინსტიტუტს და მეორე, რას მივიღებთ ამ არსებული საკმაოდ პრესტიჟულ ადგილზე არსებული ტერიტორიიდან და იქნება თუ არა ეს ქალაქის ინტერესებთან შესაბამისობაში, - ამბობს საბა ბუაძე. 

მათი თქმით, აუქციონის გაუქმება და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის ოჯახის კომპანიის გამარჯვება საკმარის საფუძველს ქმნის, რომ სუსმა და პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყონ.  

რა ფაქტებიც გავიდა ტელევიზიით, ეს ფაქტები საკმარისია იმისთვის, რომ სუსმა, პროკურატურამ დაიწყონ გამოძიება და შეისწავლონ, რატომ გაიყიდა კონკრეტული შენობა-ნაგებობა, რა საჭიროება იყო, გაყიდვის შემდეგ რატომ არ მოხმარდა ეს თანხები სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს და რა მონაწილეობა ჰქონდა გაყიდვაში ელგუჯა გოცირიძეს? ამ სქემის შემდეგ ჩნდება ძალიან საფუძლიანია ეჭვი, რომ ელგუჯა გოცირიძის გარდა, გამდიდრდა გურგენიძეც, მანაც ნახა გარკვეული სარგებელი, იმიტომ, რომ დათანხმდა მის დაქვემდებარებაში მყოფ უნივერსიტეტის კონკრეტული საკუთღების გასხვისებას, - ამბობს ბესო დონაძე. 

„შაბათის ეთერის“ გამოძიებით ირკვევა, რომ ასწლოვანი ისტორიის მქონე ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის შენობა ხელისუფლებამ გაასხვისა. დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის ხელმოწერით უნივერსიტეტმა თანხმობა მისცა ინსტიტუტს, დაეტოვებინა ჭავჭავაძის 60გ-ში მდებარე ლაბორატორიები.

გამოძიება აჩვენებს, რომ ინსტიტუტი დიღომში, მუნიციპალური სასაფლაოს მახლობლად უნდა გადაეტანათ, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი პრივატიზაციით მიღებული 9.8 მილიონი ლარიდან უნდა დაფინანსებულიყო — თუმცა აქამდე არც მშენებლობა დაწყებულა და არც დემონტაჟის ნებართვა იძებნება.

გაირკვა, რომ ვაკეში მდებარე ღირებული ქონება „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის შვილის კომპანიამ შეიძინა. პირველადი აუქციონი, რომელიც დასრულების ეტაპზე იყო, გაუქმდა და ხელახლა გამოცხადდა - გამარჯვებული სწორედ იგივე კომპანია გახდა.

 

მსგავსი სიახლეები