ექსკლუზივი: შენობა, რომელიც ტექ უნივერსიტეტს გაუყიდეს - სად წავიდა მილიონები?

22.11.25 21:22
ექსკლუზივი: შენობა, რომელიც ტექ უნივერსიტეტს გაუყიდეს - სად წავიდა მილიონები?

"შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - 100 წლიანი ისტორიის მქონე, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შენობა გაუყიდა

არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის ხელმოწერილი დადგენილებით თქვა უნივერსიტეტმა თანხმობა, რომ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს, ჭავჭავაძის 60გ-ში განთავსებული ლაბორატორიები დაეტოვებინა.

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ჭავჭავაძის გამზირიდან გასახლებული კვლევითი ინსტიტუტი, სწორედ სოფელ დიღოში, მუნიციპალური სასაფლაოს მომიჯნავე ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო. ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ პრივატიზებიდან შემოსული თანხით, სწორედ ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის მშენებლობა და ჰიდროტექნიკის ლაბორატორიის სრულყოფა უნდა მოხდეს, თუმცა ადგილზე მშენებლობა ამ დრომდე არავის დაუწყია. 

სად არის 9 მილიონ 837 ათასი ლარი და რატომ არ იწყება მშენებლობა?

დავით გურგენიძე აცხადებს, რომ პროცესი გაზაფხულზე დაიწყება. რა იყო შეფერხების კონკრეტული მიზეზი, ამის დაკონკრეტება რექტორს უჭირს. რექტორი ამბობს, რომ დაბრკოლება პროექტის შეთანხმებამ შექმნა, თუმცა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე, "შაბათის ეთერმა" ვერ მიაკვლია არა თუ ახალი პროექტის შეთანხმების დამადასტურებელ დოკუმენტს, არამედ ძველი შენობების დემონტაჟის ნებართვასაც კი.

ირკვევა, რომ ტექ უნივესიტეტის ქონება ვაკეში, სადაც 100 წლიანი ისტორიის მქონე სამეცნიერო ინსიტიტუტი ფუნქციონირებდა, ოცნების დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის შვილის კომპანიამ იყიდა.

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა  მტკიცებულება, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ქონების გასაყიდად ერთხელ გამოცხადებული აუქციონი, უკვე ფინალში იყო, როდესაც ჩაშალეს და ხელახლა გამოაცხადეს. მეორე აუქციონის დროს კი გამარჯვებულად სწორედ ელგუჯა გოცირიძის შვილის  კომპანია ,,დელუქს ფროფერთი’’ დასახელდა.

ეს ყვალაფერი არ არის, რექტორთან შეკითხვები მედიას არა მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებაზე, არამედ მის პირად დოვლათზეც აქვს. 

  • 298 კვადრატული მეტრი ფართი იყიდა ვაკეში, რექტორის ცოლმა 2022 წელს. 173 კვადრატული მეტრი გაიფორმა აბაშიძეზე მარინე გურგენიძემ 2024-ის ივნისში. არც აბაშიძის და არც ფანასკევტელის ძვირადღირებული ბინების შეძენისას, გურგენიძეებს ბანკის დახმარება არ დასჭირვებიათ. იპოთეკის ხელშეკრულება სამიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში, ფალიაშვილზე ნაყიდი ბინის რეესტრში ჩანს. 
  • საინტერესოა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის შვილის დეკლარაციაც. გიორგი გურგენიძის შენაძენებიც 2019-20 წლებით თარიღდება. 5 მიწის ნაკვეთი რაჭაში და სამსახური, რომელიც მისთვის, მამის დაქვემდებარებულ უმაღლეს სასწავლებელში გამოინახა, მიუხედავად იმისა, რომ ასისტენტის პოზიციაზე დასაქმებული გურგენიძე, ამ დროს უკვე ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსანია და ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის შვილის დაწინაურებაც, მამის რექტორობის პერიოდს ემთხვევა.

როგორ გაყიდეს ხალხის ქონება - მაკა ჩიხლაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები