"ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია" - ეკა გიგაური
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განმარტებით საქართველოს დღევანდელი პარლამენტი ერთპარტიულია, ვინაიდან ის კანონმდებლობისა და კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა და საერთაშორისო აღიარება ვერ მიიღო.
ეკა გიგაურის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ქართული ოცნების" პარლამენტმა ისეთი კანონები მიიღო, რომ "პრემიერმინისტრს არანაირი ვალდებულება და ანგარიშვალდებულება არ ჰქონდეს პარლამენტის მიმართ", მაშინ როდესაც წესით პარლამენტი ზედამხედველობას უნდა უწევდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას.
ეს არის ერთპარტიული პარლამენტი. ამ პარლამენტს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, იგი შეიკრიბა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მას შემდეგ რაც ისინი შეიკრიბნენ კიდევ მიიღეს გარკვეული კანონები, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად დაიკარგა პარლამენტის როლი, აქამდე თუ პარლამენტი ზედამხედველობას უწევდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, პრემიერმინისტრს, დღეს, მათ ამ ერთპარტიულ სისტემაშიც კი გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ პრემიერმინისტრს არანაირი ვალდებულება და ანგარიშვალდებულება არ ჰქონდეს პარლამენტის მიმართ.
ორი ფუნქცია აქვს დღეს პარლამენტს - ერთი, მიიღოს ის კანონები, რასაც მას ეუბნება "ქართული ოცნება" და ივანიშვილი და მეორე, პარლამენტის თავმჯდომარის როლს კი ვხედავთ, ფაქტობრივად დეზინფორმაციაში არის ჩართული და ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმაში, სხვა მეტი ფუნქცია მას არ გააჩნია," - განაცხადა ეკა გიგაურმა.