ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის დღევანდელი ბრიფინგით დადასტურდა ყველაზე მძიმე ეჭვი - შსს-ს ნამდვილად ჰქონდა შეძენილი ის ნივთიერებები, რომელთა შესახებ BBC საუბრობდა, და მაღალი ალბათობით სწორედ ეს ქიმიური ნაერთები გამოიყენეს 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის აქციების დაშლისას წყლის ჭავლთან ერთად.
ლომჯარიას თქმით, "ოცნების" ხელისუფლება ერთი წლის განმავლობაში მალავდა ინფორმაციას, ახლა კი აცხადებს, რომ მხოლოდ ახლა იწყებს იმის კვლევას, თუ რა ნივთიერება გამოიყენეს.
დღევანდელი ბრიფინგით ირაკლი კობახიძემ მოგვაწოდა შოკისმომგვრელი ინფორმაცია. ფაქტობრივად, მან დაადასტურა, რომ იმ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები, რაზეც საუბრობდა ბიბისი, ნამდვილად აქვს შეძენილი შსს-ს და ასევე ორჯერ დაადასტურა, რომ მაღალი ალბათობით, დიახაც, ეს ნივთიერებები იყო გამოყენებული შარშან მოქალაქეთა დაშლის დროს, შერეული იყო წყლის ჭავლში. ის მხოლოდ გამორიცხავს კამიტის გამოყენებას, მაგრამ არ გამორიცხავს და ადასტურებს, რომ დიდი ალბათობით, სხვა ქიმიური ნივთიერება ამ კოდის ქვეშ იყო გამოყენებული წყლის ჭავლთან ერთად და ამბობს, რომ მხოლოდ ახლა იძიებენ, რა ნივთიერება იყო ეს.
ჩვენ ასევე ვიცით საერთაშორისო ექსპერტისგან, რომ ამ კოდის ქვეშ მყოფი ნივთიერებებიდან, კამიტი ყველაზე შედარებით უფრო მსუბუქია, იმიტომ, რომ სხვა ნივთიერებებს, როგორც საერთაშორისო ექსპერტი ამბობს, კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოაქვს. ერთი წლის განმავლობაში მალავდნენ ამ ინფორმაციას და ახლა აცხადებენ, რომ თითქოსდა იძიებენ, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო მძიმე ტოქსიკური ნივთიერება და ამას უკვე ისინი თავადვე ადასტურებენ, - ამბობს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.