შსს ომბუდსმენს ამ დრომდე არ ეუბნება რა ნივთიერება გამოიყენეს დემონსტრანტების დასაშლელად
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, ელენე ღუდუშაური "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ომბუდსმენის აპარატს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი, თუ რა სახის ნივთიერებები გამოიყენეს აქციის მონაწილეების დასაშლელად.
ელენე ღუდუშაურის განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატი საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს სწავლობდა, რის ფარგლებშიც შსს-ს მიმართა და სთხოვა მიეწოდებინათ ინფორმაცია კონკრეტულად რა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, იყო თუ არა გამოყენებული რაიმე სახის ქიმიური ნივთიერება და რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ამ ნივთიერებებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სამწუხაროდ არ მიგვიღია დამატებითი ინფორმაცია. მოგეხსენებათ, ჩვენ ვსწავლობდით საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს და ამ შესწავლის ფარგლებში მივმართეთ სწორედ შსს-ს, სადაც ვთხოვდით კონკრეტულად რა სახის სპეციალური საშუალებები გამოიყენეს ამაზე ინფორმაციას, ასევე ვთხოვდით ინფორმაციას იყო თუ არა გამოყენებული რაიმე სახის ქიმიური ნივთიერება და რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ამ ნივთიერებებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე ინფორმაცია არ მიგვიღია. მივუთითეთ, რომ გამოძიების ფარგლებში უნდა იყოს ეს საკითხი შესწავლილი," - ამბობს ელენე ღუდუშაური.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.