მაია ბუწაშვილი ქიმიური იარაღის სკანდალზე: ჯანდაცვის სამინისტროს მდუმარება შემაწუხებელია
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ქიმიური იარაღის სკანდალზე წერს და გაკვირვებას გამოთქვას იმ ფაქტზე, რომ მაშინ, როცა მთელი ქვეყანა გაზზე და მის დამაზიანებელ ეფექტზე მსჯელობს, ჯანდაცვის სამინისტრო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურები სრულ მდუმარებაში არიან.
ბუწაშვილის თქმით, “მათი დუმილი შემაწუხებელია, თან იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზანი პოპულაციის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესებაა.“
რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველა ამ გაზზე და მის დამაზიანებელ ეფექტზე მსჯელობს. ჯანდაცვასთან საერთოდ კავშირში რომ არ არიან, ისეთი ადამიანებისთვისაც კი ახლა მთავარი თემა ეს არის.
ამ დროს კი ჯანდაცვის სამინისტრო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურები, რომლებიც ზუსტად იმიტომ არსებობენ ჩვენი გადასახადებით, რომ საზოგადოების ჯანმრთელობაზე იზრუნონ, სრულ მდუმარებაში არიან:(
ზუსტად ვიცი, რომ იქაც ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობს, ვისაც ძალიან აწუხებს ეს საკითხი, ზოგი ინდივიდუალურად ღიად გამოთქვამს აზრს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც შემაწუხებელი დუმილია.
აქვე შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზანია პოპულაციის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება.
ჰოდა, როცა ჩვენი საზოგადოების ამხელა ნაწილი ასეთი მნიშვნელობის გარე ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ იყო შარშან თითქმის ერთი თვის მანძილზე და ახლა ლამის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, ვისაც ამ პოპულაციის ჯანმრთელობის დაცვა ეხება, იმათ არ აქვთ შეკითხვები და პირველ რიგში ისინი არ უნდა ცდილობდნენ, პასუხები მიიღონ ამდენ ლეგიტიმურ შეკითხვაზე?,- წერს ბუწაშვილი.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.