ამ კოდების ქვეშ რა ნივთიერებებიც არის, რეალურად, ყველა შხამია - ექიმი გიორგი კავკასიძე
ექიმი გიორგი კავკასიძე ამბობს, რომ ნივთიერებები, რომელიც კონკრეტული კოდის ქვეშ არის, ყველა შხამია და მათი გამოყენება ბრბოს დაშლის მიზნით, კატეგორიულად დაუშვებელია. მედიკოსის თქმით, BBC-თან ერთ-ერთმა ინტერვიუერმა თქვა, ბოთლებს, რომელშიც აღნიშნული ნივთიერებები ესხა, თავის ქალა და ჩონჩხი ეხატა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს ნამდვილად შხამია.
ამ კოდებით არის ისეთი ორგანული ნივთიერებები ჩამოთვლილი, რომელსაც იყენებენ ინდუსტრიაში. ეს ნივთიერებები დღემდე იწარმოება, იმიტომ, რომ ქიმიური ინსდუსტრიაში გამოიყენება და მათი გამოყენება აი, ამ ბრბოს დაშლის თვალსაზრისით, არის კატეგორიულად აკრძალული. ამ კოდების ქვეშ რა ნივთიერებებიც არის, რეალურად, ყველა შხამია. BBC-ის ინტერვიუში ყვება ერთ-ერთი რესპოდენტი, რომ ამ ბოთლებს თავის ქალა და ჩონჩხები ეხატაო. ეს არის საერთაშორისო აღნიშვნა შხამის, - ამბობს გიორგი კავკასიძე.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.