„არ მჯერა, რომ ვაჟა ზაზაევიჩი ატარებს ჩემს სასამართლოს" - ირაკლი ჩხვირკიამ მიმდინარე პროცესები "ცისფერ მთებს" შეადარა
„არ მჯერა, რომ ვაჟა ზაზაევიჩი ატარებს ჩემს სასამართლოს და ისევე ჩამოგვენგრევა ეს ქვეყანა, როგორც ის შენობა ჩამოინგრა" - სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა, ირაკლი ჩხვირკიამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ელდარ შენგელაიას გენიალურ ფილმს "ცისფერ მთებს" შეადარა.
საზოგადოებას მოვუწოდებ, არ გამოტოვოთ ეს პროცესები, არ გამოტოვოთ „ცისფერი მთების“ ახალი სერიალი - თქვა ჩხვირკიამ სასამართლო დარბაზში.
ბრალდებულმა ყოფილმა პოლიციელმა სხდომაზე დეტალურად გაიხსენა 4 ოქტომბერს განვითარებული, თუ როგორ ეწვოდა გაზისგან თვალები და როგორ ითხოვდა შველას, რომ ვინმეს სასწრაფომდე მიეყვანა.
„გაზისგან თვალები ამეწვა, ვერ ვსუნთქვდი, ცალი ხელით თვალები დავიფარე და მეორე ხელს ვიქნევდი, რომ ვინმე მომშველებოდა და სასწრაფომდე მივეყვანე. ხელის ქნევა თუ მოწოდებაა არ ვიცი, ვიდავოთ..
მე სულ მინდოდა მსახიობი გავმხარიყავი, მერე რეჟისორობა მინდოდა. ახლა ზუსტად ვიცი რომ საქართველოს ისტორიაში რომ ფილმს გადაიღებენ, ერთ -ერთი გმირი ვიქნები....
არ მჯერა, რომ ვაჟა ზაზაევიჩი ატარებს ჩემს სასამართლოს და ისევე ჩამოგვენგრევა ეს ქვეყანა, როგორც ის შენობა ჩამოინგრა... საზოგადოებას მოვუწოდებ, არ გამოტოვოთ ეს პროცესები, არ გამოტოვოთ „ცისფერი მთების“ ახალი სერიალი“.- განაცხადა ჩხვირკიამ.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.