ხასაიას საქმეზე სასამართლომ უნდა გამოავლინოს უპირობო სკეპტიციზმი ყველა მოწმის მიმართ - ადვოკატი
გელა ხასაიას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ ახლა რაც უნდა გააკეთოს არის ის, რომ გამოიჩინოს უპირობო სკეპტიციზმი ყველა იმ მოწმის მიმართ, რომელსაცმ მოისმენს, რადგან ადვოკატი მიიჩნევს, რომ ხასაიას მიმართ დევნა არ არის ჯანმრთელობის რაღაც დაზიანებასთან დაკავშირებული, ეს არის დაკავშირებული თავად მის პიროვნებასთან.
ადვოკატის თქმით, მას არ ჰგონია, რომ კონკრეტული პროკურორი რაიმე დიდ კონსპირაციულ გარიგებაში იყოს ჩართული და ვარაუდობს, რომ ის უბრალოდ ხასაიას მიმართ დევნის პოლიტიკური მოტივების შესახებ ინფორმირებული არ არის.
არ მგონია, რომ კონკრეტული პროკურორი რაიმე დიდ კონსპირაციულ გარიგებაში იყოს ჩართული, მე მგონია, რომ მისთვისაც შესაძლებელია, გელა ხასაიას მიმართ დევნა, მისი პოლიტიკური მოტივები, მისი გაჩუმების მოტივები და გენერალურ პერსპექტივაში კავშირი BBC - ის შესაძლო გამოძიებასთან იყოს უცხო და დაუზუსტებელი, მაგრამ , რაც შეეხება გელა ხასაიას, თუ რა უნდა გააკეთოს სასამართლომ მის საქმეზე, ეს არის უპირობო სკეპტიციზმი ყველა იმ მოწმის მიმართ, რომელსაც მოისმენს, რადგან მის მიმართ დევნა არ არის ჯანმრთელობის რაღაც დაზიანებასთან დაკავშირებული, ეს არის დაკავშირებული თავად ხასაიას პიროვნებასთან და ძალიან დიდ სურვილთან, რომ ის ყოფილიყო ჩუმად,- განაცხადა ფურცელაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.