“ოცნება“ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრს ქმნის
ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის - პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მე-3 მოსმენით დაუჭირა მხარი.
დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზის შესაქმნელად ვადა 2026 წლის 1 მარტამდე აქვს.
- "პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები შეიტანება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვებია შესაბამის დაწესებულებების მიერ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში" - წერია დოკუმენტში.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებები მოქალაქეებზე სხვადასხვა სახის ლიცენზიების და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გაცემას უკავშირდება.
"ინფორმაციის დროული და სანდო წყაროს არარსებობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისების განხორციელების დროს, როგორიც არის "იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) გაცემა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება და სხვა. მსგავსი სახის ლიცენზიის (ნებართვის)/უფლების ფლობა უკავშირდება მომეტებულ საფრთხეს და საჭიროებს მისი მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან" - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.