შემცირდება მიმართვიანობა და გაიზრდება სუიციდის რიცხვი, რატომ გვკლავთ? - ფსიქოლოგი ერთიან ბაზაზე

12.12.25 10:36
შემცირდება მიმართვიანობა და გაიზრდება სუიციდის რიცხვი, რატომ გვკლავთ? - ფსიქოლოგი ერთიან ბაზაზე

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ასევე ალკოჰოლიზმით, ნარკომანიითა და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზას შექმნის.

ჯავახიშვილი წერს, რომ მსოფლიო სტატისტიკით ფსიქიკური აშლილობის გავრცელებული ფორმები ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს, ხოლო კონფლიქტითა და კრიზისებით დაზარალებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 30%-ს და მეტს აღწევს. მისი შეფასებით, ასეთ პირობებში მოსახლეობის დიდი ნაწილის შსს-ს სპეციალურ სიებში შეტანა უპრეცედენტო დისკრიმინაციაა, რაც შეამცირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე მიმართვიანობას და გაზრდის სუიციდის რისკებს.

მიმართვიანობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიურ სერვისებში დღეს ისედაც დაბალია და ახლა უკვე საერთოდ გაქრება; უამრავი ადამიანი პროფესიული დახმარების გარეშე დარჩება, გაიზრდება სუიციდის სტატისტიკა.

რატომ გვკლავთ? ასეთ მშვიდობა გინდათ? შფოთვისა და დეპრესიის რომ გვეშინოდეს (რაც დეფინიციის თანახმად, გავრცელებული პრობლემებია), რომ შსს-ს სიებში არ შეგვიტანონ და არ გაგვრიყონ?

რაც უფრო დაბალია ცხოვრების ხარისხი და მაღალია სოციალური დაუცველობა, მით უფრო მაღალია ფსიქიკური აშლილობების გავრცელება. რას აკეთებენ საპასუხოდ ცივილიზებული დასავლური სახელმწიფოები? ცდილობენ, რომ გაზარდონ სოციალური დაცვა, შექმნან დასაქმების შესაძლებლობები, დააფინანსონ ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებზე ზრუნვის სერვისები და განავითარონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ამის საპირისპიროდ, რას აკეთებს რუსეთი? ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა რეესტრს ადგენს, რომ მოსახლეობის დაშინებისა და ჩაგვრის კიდევ ერთი ბერკეტი შექმნას.

რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ? მივყვებით რუსულ სცენარს - ვქმნით ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების, როგორც შუასაუკუნეებში კეთროვნების, სიას. როდემდე უნდა ვანგრიოთ დამოუკიდებლობის პერიოდში ყოველდღიური შრომით მიღწეული შედეგები? სადამდე უნდა დავეცეთ?" - წერს ჯანა ჯავახიშვილი.

- წერს ჯანა ჯავახიშვილი.

შეგახსენებთ, ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ერთიანი საინფორმაციო ბაზა 2026 წლის 1 მარტამდე უნდა შეიქმნას. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები სხვადასხვა ლიცენზიებისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გაცემას უკავშირდება და მიზნად საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს.

მსგავსი სიახლეები