პაციენტი აღარც ფსიქოთერაპევტთან და აღარც ნარკოლოგთან მივა, იქნება ნარკოტიკის არალეგალური მოხმარება - ზურა სიხარულიძე ერთიან ბაზაზე
ივანიშვილის პარლამენტის მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები კრიტიკულად ფასდება სპეციალისტების მიერ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული სერვისების ფაქტობრივ ჩამოშლას გამოიწვევს.
ექიმ ზურაბ სიხარულიძის შეფასებით, პაციენტები შიშის გამო თავს აარიდებენ სამედიცინო დახმარებას, შემცირდება როგორც ფსიქოთერაპიისა და ნარკოლოგიური მკურნალობის მიმართვიანობა, ისე ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში მონაწილეობა, რაც არალეგალური ნარკომოხმარების ზრდისა და სოციალური პრობლემების გაღრმავების რისკს ქმნის.
ამ ხელისუფლების ხელში, რა თქმა უნდა, ასეთი სენსიტიური საკითხის არსებობა და ბაზაში შეტანა, პირდაპირ ურტყამს ორივე დარგს, როგორც ნარკოლოგიას, ასევე ფსიქიატრიას. პაციენტი, უბრალოდ, აღარ მოვა სამედიცინო დაწესებულებაში და გაიზრდება შფოთვები, ძლიერი პრობლემები. არც ფსიქოთერაპევტთან მივა, არც ნარკოლოგთან მივა და იქნება ნარკოტიკის არალეგალური მოხმარება. ის, ვინც არის ჩართული ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში, ჩათვალეთ, რომ ფაქტობრივად, ყველა უფლება ექნება ჩამორთმეული, როგორც მართვის მოწმობის, ასევე სხვა უფლებები და ბოლოს, ალბათ, ხმის უფლებასაც ჩამოართმევენ. ქვეყნები, სადაც ეს ხდება, არის ჩინეთი, რუსეთი, ბელორუსი. ნინო დათაშვილი ამბავი, სადაც ეწერა, რომ ფსიქიკური ლაბიობა ჰქონდა, რაც მართლა სასაცილო დიაგნოზია. სასაცილოა, რა, "ეფია", დიაგოზია. შესაბამისად, ვისაც "ეფ" დიაგნოზი აქვს, ჩათვალეთ, რომ ყველა იქნება, თუ მათ დასჭირდათ, მანიპულირების და პოლიტიკური ზეწოლის საგანი გახდებიან, - ამბობს ზურა სიხარულიძე.
შეგახსენებთ, ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ერთიანი საინფორმაციო ბაზა 2026 წლის 1 მარტამდე უნდა შეიქმნას. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები სხვადასხვა ლიცენზიებისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გაცემას უკავშირდება და მიზნად საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს.