„განათლება საფრთხეშია“ - პროფესორები და სტუდენტები კობახიძის რეფორმის წინააღმდეგ
ელინისტები, ფილოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ხელისუფლების საგანმანათლებლო პოლიტიკას აპროტესტებენ და ქუჩაში გამოვიდნენ.
პროტესტის ეპიცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის კორპუსი გახდა, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის გეგმის მიხედვით, შესაძლოა გასხვისდეს. საუბარია ჭავჭავაძის 13 ნომერში მდებარე შენობაზე, რომლის გაყიდვაც სტუდენტების გამოყვანის შემდეგ იგეგმება.
პროფესორებისა და სტუდენტების განცხადებით, ქუჩაში ისინი „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მომზადებულმა რეფორმებმა და უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის ფაქტობრივმა შეზღუდვამ გამოიყვანა. მათი შეფასებით, მავნებელია როგორც სასწავლო წლების შეკვეცა, ისე უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის გასხვისება.
ლექტორები აღნიშნავენ, რომ ახალი პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაართულებს აბიტურიენტებისთვის სასურველ ფაკულტეტებზე მოხვედრას, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსების მიღებას ცდილობენ. არსებული ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 63 უნივერსიტეტიდან სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ 19 სახელმწიფო უნივერსიტეტზე გავრცელდება.
გარდა ამისა, მოქმედებს პრინციპი - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული სპეციალობები ერთ ქალაქში მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება ხელმისაწვდომი. მაგალითად, იურიდიული განათლების მიღება სახელმწიფო დაფინანსებით თბილისში მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახდება შესაძლებელი, სხვა შემთხვევაში სტუდენტს სწავლის სრულად დაფინანსება თავად მოუწევს.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიმდინარე რეფორმები განათლების ხარისხს კი არ აუმჯობესებს, არამედ ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობას ზღუდავს და უნივერსიტეტების დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.