29 წლის ტაქსის მძღოლის ბურუსით მოცული გარდაცვალება - რა მოხდა საბედისწერო ღამეს

12.12.25 21:01
29 წლის ტაქსის მძღოლის ბურუსით მოცული გარდაცვალება - რა მოხდა საბედისწერო ღამეს

დედაქალაქში კიდევ ერთი საეჭვო და ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეს იძიებენ. სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ, 29 წლის სერგი შტააძის ცხედარი დიდ დიღომში, მიტოვებული შენობის ნანგრევებში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.

მამაკაცის ახლობლები აცხადებენ, რომ სერგი შტააძე სიკვდილამდე ძალადობის მსხვერპლი იყო და თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს სიცოცხლის დასრულების არანაირი მოტივი არ ჰქონდა.

სერგი შტააძე ტაქსის მძღოლად მუშაობდა და თავს ამ საქმიანობით ირჩენდა. სოფელ ბრილის მკვიდრი ყოველდღიურად თბილისში გადაადგილდებოდა სამუშაოდ. გაუჩინარებამდე ის ნათესავის ბინაში იმყოფებოდა, საიდანაც გამოსვლის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. სწორედ ამ მომენტიდან იწყება მოვლენების ქრონოლოგია, რომლის დეტალებიც ამ დრომდე გაურკვეველია.

ამ ეტაპზე გამოძიება საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, რაც გარდაცვლილის ოჯახისთვის დამატებით კითხვებს აჩენს. მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა ახალგაზრდა მამაკაცი დაზიანებებით აღმოჩენილიყო მიტოვებულ შენობაში და რა გარემოებები უძღოდა წინ მის გარდაცვალებას.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება. ტერიტორია ლენტებით არის შემოსაზღვრული. სამართალდამცავები სწავლობენ ვიდეოჩანაწერებს, გადაადგილების მარშრუტებსა და კონტაქტებს, რომლებიც შესაძლოა საქმისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოადგენდეს.

სერგი შტააძის გარდაცვალება 48 საათის შემდეგაც არაერთ კითხვას ტოვებს, რომელზეც პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები