პოლიციამ გიგა ლემონჯავას და აქტივისტების მანქანა გაჩხრიკა
პოლიციამ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გიგა ლემონჯავას და აქტივისტების მანქანა გაჩხრიკა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აქტივისტებთან ერთად პარტია "დროას" ოფისის დატოვების შემდეგ პოლიციამ კოსტავას ქუჩაზე გააჩერა.
გიგა ლემონჯავას თქმით, მისი მანქანის გაჩერება და აქტივისტების დაკავება, დღეს, თბილისში დაგეგმილ ნაძვის ხის ანთებას უკავშირდება.
"დროას" ოფისში ვიყავი, რომელიც არის სუს-ის და შსს-ს ალყაში და ორი ადამიანი, ვინც ჩვენი ოფისიდან გავიდა დააკავეს - ნოდარ ჩაჩანიძე და ერთ-ერთი აქტივისტი კიდევ, სტუდენტი. ზოგადად, ადამიანებს რუსთაველის გამზირზე აკავებენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეს ჩემი აზრით უკავშირდება კალაძის მიერ ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიას და ეშინიათ, რომ აქტივისტები არ მივიდნენ იქ იმიტომ, რომ უნდათ კომფორტულ გარემოში აანთოს კალაძემ ნაძვის ხე. გაგიჟების პირას არიან უკვე ადამიანებს ჩხრეკენ და აკავებენ იმიტომ, რომ ნაძვის ხის ანთებამ კომფორტულ გარემოში ჩაიაროს.
ვერაფერი, რა უნდა ეპოვათ, რას ეძებდნენ ეგეც არ ვიცი, ავტომობილი გაჩხრიკეს, პირადი ჩხრეკაც, ზედაპირული დათვალიერება ჩაატარეს. სხვა ადამიანებიც დაათვალიერეს ზედაპირულად, ვინც ჩემთან ერთად იყო, მანქანაც დაათვალიერეს. მას შემდეგ რაც მედია მოვიდა ადგილზე და ჩვენი მეგობრები მოვიდნენ, თქვეს, რომ დასრულებულია ეს საპოლიციო ღონისძიება," - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია "დროას" ოფისთან მობილიზებულია სუს-ის მანქანები, დააკავეს ოფისიდან გასული აჩი გოჩიტაშვილი და ნოდარ ჩაჩანიძე.
მანამდე დააკავეს ნენე გაბლაიაც.